12 июн. 2011 г.

გარეჯის ლავრის ლეგენდიდან


გარეჯის ლავრის კარიბჭის ზედა რიგის ცენტრში გამოსახულ ფრინველს კლანჭებით თევზი უჭირავს. ლეგენდის თანახად, ერთხელ, ხარების დღესასწაულზე, ბერებს თევზი არ აღმოაჩნდათ, ისინი ღვთის სადიდებლად მინდორში გავიდნენ მხლის დასაკრეფად. ამ დროს გადაიფრინა ფრინველმა, რომელსაც კლანჭებში თევზი ეკავა და იგი ბერებს ჩამოუგდო.

ზედა რიგის კიდეებში გამოსახულია ორი ყორანი, რომლებსაც ნისკარტით ვაშლი მიაქვთ. ლეგენდის თანახმად, ლავრის ეზოში ვაშლის ხე მდგარა, რომელსაც ყოველ ღამე ფარულად ერთი ვაშლი აკლდებოდა. დადარაჯებულმა ბერმა დაინახა, თუ როგორ მიფრინდა ორი ყორანი, მოწყვიტა ვაშლი და ერთ გამოქვაბულში შეიტანა. ბერი გამოქვაბულში შეჰყვა ფრინველს, იქ კი განმარტოებული - ასკეტი ბერი აღმოჩნდა დაყუდებული, რომლესაც ყორნები კვებავდნენ.

17 мая 2011 г.

ხოხბის სახელი მსოფლიოში კოლხეთიდან გავრცელდა



    ხოხობის სამშობლო საქართველოა. მდინარე ფაზისის მიხედვით შერქმეული მისი სახელი - ფაზანი უცვლელად მიიღეს ბერძნულმა და ლათინურმა ენებმა. ამ ენებიდან ის შემდეგ გადავიდა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და სხვა ენებში.

პირველი საუკუნის რომაელი პოეტი მარკუს ვალერი მარციალი საქართველოდან სხვა ქვეყნებში გადაფრენილი ხოხბის შესახებ წერდა:

,,ჩემი სახელი მთელს მსოფლიოს გააცნო არგომ,

ადრე სხვა მხარე არ ვიცოდი ფაზისის გარდა”.

ლექსში საუბარია ხოხობზე, რომელიც ოქროს საწმისთან და მედეასთან ერთად არგონავტებს გაუტაცნიათ

მითს თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, იაპონიის ბინადარ ამ ფრინველსაც კოლხური წარმომავლობა აქვს. მას ერთი ისეთი თვისება ახასიათებს, საქართველოში დედის კულტის განსაკუთრებულობა გვაგონდება. იგი სასიკვდილო საფრთხის დროსაც არ ტოვებს ბარტყებს. იაპონიაში  ამ ფრინველს  სწორედ ამ თვისების გამო აღმერთებენ. 


(შარდენის ქუჩის ხოხბები)

დიდი ხანი არ არის, რაც ძველი თბილისის ერთ უბანში, შარდენის ქუჩის ბოლოში, რესტორან ,,ძველი კოლხეთის” შესასვლელთან, საიდანაც კარგად ჩანს ნარიყალა ,,ქართლის დედით” და მეტეხი გორგასლის ძეგლით,  ხოხბები (მართალია, გალიაში) დანავარდობენ.  კოლხი ფრინველების შარდენზე გასეირნების იდეის ავტორს, რესტორნის მეპატრონეს, როგორც ჩანს, ხოხბის თბილისური სიმბოლიკის გარდა, მისი წარმომავლობის უპირატესობაც არ ასვენებს: საქართველოს ისტორიაში აიეტისა და მედეას მითი საუუკენეებით უსწრებს გორგასლისეულ მითს.


ჩვენს რესტორნულ ყოფიერებაში როგორც ჩანს, ხოხობი უფრო და უფრო პოპულარულია. ,,ხოხბის ცრემლები” ასე დაერქვა მარანს სიღნაღში, რომელიც არაერთ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს და კახეთში ერთი ამერიკელის კუთვნილებაა.
კომპანია ,,ხოხბის ცრემლები” კი ნატურალურ ღვინოებს აწარმოებს. ყველა ღვინო აქ დაძველებული და დაყენებულია თიხის ჭურჭელში. იგი ფუტკრის ცვილითაა დაფარული და ჩაფლულია მიწაში. 
კომპანიის სახელი მომდინარეობს ერთ-ერთი ქართული თქმულებიდან, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ დიდი ძალისხმევით დაყენებულ ღვინოს შეუძლია სიხარულისაგან ხოხბის ატირება. 



10 мая 2011 г.

ძველბერძნული მითებიდან



ძველი ბერძნების რწმენით, იმისთვის,  რომ გაეგო,  სად იმყოფებოდა სამყაროს ცენტრი, ზევსმა ქვეყნიერების ორი ბოლოდან აუშვა ორი  არწივი,  რომლებიც ერთმანეთის მიმართულებით,  ერთნაირი  სისწრაფით  მიფრინავდნენ.  ისინი ქალაქ დელფოსის თავზე შეხვდნენ ერთმანეთს, რის გამოც ეს ქალაქი  მიიჩნეოდა  სამყაროს  ცენტრად.



 ყმაწვილი განიმედი ზევსმა თავის არწივს მოატაცებინა და მერიქიფედ დაიყენა.


ბუ სიბრძნის ქალღმერთ ათენას ატრიბუტი იყო, მის ნიშანთვისებასსიბრძნეს გამოსახავდაშემდგომ, ბუ "ბრძენთა ქალაქის" ათენის სიმბოლოდ იქცა.

 პლინიუსის თქმით, სამი რამ იყო ესქილეს სიკვდილის მიზეზი: მელოტი თავი, კუ და არწივი. არწივმა დაიჭირა კუ, აიტაცა ჰაერში, რათა ზემოდან გადმოეგდო და ქვაზე დაემსხვრია მისი ბაკანი. ხოლო ის, რაც მან ქვად მიიღო, ესქილეს მელოტი თავი აღმოჩნდა.



(ამონარიდები გოჩა დვალის წიგნიდან ,,ანტიდეპრესანტი”)



9 мая 2011 г.

ატენის სიონის ფრესკები












კომენდანტის საათი კატებისთვის, პლასტიკური სათვალეები - მამლებისთვის



ავსტრალიის  მთვარობამ  ნაკრძალების  სიახლოვეს მცხოვრები  მოსახლეობისთვის  საგანგებო წესები შემოიღო. შინაური  კატებისთვის  იქ  კომენდანტის საათია დაწესებული.  კომენდანტის  საათის  დამრღვევ  კატას  იჭერენ,  ნიკაპქვეშ საგანგებოდ  შეყვანილი  ელეტრონული  ჩიპის  საშუალებით პატრონის  ვინაობას  ადგენენ  და  აჯარიმებენ.  მთავრობა იძულებული  გახდა,  ამ ზომებისთვის მიემართა, რადგან  ტყეში თავისუფლად  მონავარდე   კატები  იშვიათი  ჯიშის  ფრინველებს   ანადგურებდნენ.


ქათმების დანიურ ფერმებში მამლებს პლასტიკურ სათვალეებს უკეთებენ, რათა მათ ცუდად დაინახონ სხვა მამლები და ნაკლები იჩხუბონ.


რიო-გრანდეს პლატოზე არის უნიკალური ჩიტი, რომელსაც ერთი ფეხი უფრო მოკლე აქვს და მას გარინჩა ჰქვია.


ბირმაში  ჩასული  ტურისტები  ადგილობრივი მეფრინველეებისგან  ყიდულობენ  უფლებას,  გამოუშვან  მათი გალიიდან   ბეღურა.  ტურისტებმა  არ იციან,  რომ  ბეღურები გაწვრთნილი  არიან  და  ისინი  სულ  მალე  ისევ  გალიაში დაბრუნდებიან.


კოლუმბიის ქალაქ მუზოში ვერც ერთ ქათამს ვერც დაკლავენ და ვერც გამოშიგნავენ, სახელმწიფო მოხელეს გარეშე, იმის გამო, რომ შესაძლოა ქათმებმა ქუჩაში შემთხვევით დაყრილი ზურმუხტი გადაყლაპონ.

      ამონარიდები გოჩა დვალის წიგნიდან ,,ანტიდეპრესანტი”