ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი









                               ,,ერთადერთი ნამდვილი ფუფუნება ადამიანთა ურთიერთობაა” - სენტ-ეკზი.

დაიბადა  -  1900 წლის 22 ივნისს, საფრანგეთში (ლიონი). მესამე შვილია
მშობლები - დედა, მარია ფონსკოლომბისა პროვანსის ძველისძველი ოჯახიდან იყო. კიდევ უფრო ძველია სენტ-ეკზიუპერთა საგვარეულო. ამ გვარს ატარებდა წმინდა გრაალის ერთ-ერთი რაინდი. 1235 წლიდან ძველ ქრონიკებში მოიხსენიებიან გრაფი სენტ-ეკზიუპერები - ,,ლიმუზენში სენ-ჟერმენისა და ოვერნში მირმონტის სენიორები”. მამა დაზღვევის ინსპექტორად მუშაობდა. ანტუანს მამა ოთხი წლის ასაკში გარდაეცვალა.
,,ნათლობა”  -  სენ-მორისის მახლობლად, ამბერიეში, აეროდრომი იყო და ანტუანი ხშირად დადიოდა იქ თავისი ველოსიპედით. 1912 წელს, 12 წლის ასაკში სწორედ აქ მიიღო ,,საჰაერო ნათლობა.” მფრინავი იყო სახელმოხვეჭილი ჟიულ ვედრინი, რომელმაც პარიზიდან მადრიდში (168 კილომეტრსაათის სიჩქარითმსოფლიო რეკორდი მოხსნა. მომდევნო წელს კი იგი პარიზიდან გადაფრინდა კაიროში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაზე გავლით. პირველი მსოფლიო ომის დროს მას თვითფრინავით მზვერავები გადაჰყავდა მტრის ზურგში. სენტ-კრუას კოლეჯში სწავლისას, ანტუანი ჩაფიქრებული დადიოდა და ცას გასცქეროდა. ამხანაგებმა მაშინვე შენიშნეს ეს და ანტუანს (ტონიოს) ,,მთვარეული” შეარქვეს.
1921 წელს იგი თავს ანებებს არქიტექტურის ფაკულტეტს და სტრასბურგის საავიაციო პოლკში ეწერება მოხალისედ. 1918 წელს, გერმანიის დამარცხების შემდეგ, სტრასბურგი მთელ ელზასთან ერთად საფრანგეთს დაუბრუნდა. ქალაქი სიხარულით შეხვდა საფრანგეთის არმიას. თვითფრინავს ფუზელაჟებზე ყარყატები ეხატა - მშობლიური კერის ერთგულების სიმბოლო. ყარყატები ხომ ყოველთვის ბრუნდებიან იმ ადგილებში, სადაც დაიბადნენ
1926 წელს გამოქვეყნდა მისი ნოველა ,,მფრინავი.”
1927 წელს მან მუსაობა დაიწყო მფრინავად და ფოსტა გადაჰქონდა ტულუზა-კასაბლანკის, შემდეგ კი კასაბლანკა-დაკარის ხაზზე.
საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი - მან ეს ორდენი 1930 წელს მიიღო. მისი მეგობარს გიომეს ანდების კორდილიერებზე ავარია მოუვიდა. სენტ ეკზი 5 დღე დასტრიალებდა ანდებს და მეგობარს ეძებდა. მალე იპოვა...
მეუღლე -  მან ჯვარი დაიწერა კონსუელო სუნციზე (1931წ). 
ფემინის პრემია - მიენიჭა ,,ღამის გაფრენისთვის.”
ამერიკელებმა გადაიღეს ფილმი ,,ღამით გაფრენა” (1932წ.)
მეორე მსოფლიო ომის დროს ,,სამხედრო  მფრინავის” გაყიდვა აიკრძალა, ხოლო ,,ციტადელის” დასრულება მან ვერ მოასწრო.
უკანასკნელი გაფრენა - 1944 წლის 31 ივლისი.
ნაწარმოებები:
,,ფოსტა სამხრეთისაკენ”
,,ადამიანთა მიწა”
,,არასში გაფრენა”
,,სამხედრო მფრინავი”
,,ციტადელი”
,,წერილი მძევლისადმი”

,,საიდანა ვარ? - ჩემი ბავშვობიდან
ისე მოვედი ბავშვობიდან, როგორც რომელიმე ქვეყნიდან... ბავშვობის, ჩვენი ენისა და ჩვენი თამაშების მოგონებათა სამყარო... ყოველთვის უსაზღვროდ რეალურად მომეჩვენება, ვიდრე რომელიმე სხვა... მაინცდამაინც დარწმუნებული არ ვარ, რომ ნამდვილად ვცხოვრობდი მას შემდეგ, რაც ბავშვობამ გაიარა”.
უფროსებმა მირჩიეს, უმჯობესია თავი დაანებო მახრჩობელა გველების ხატვას და გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკასა და გრამატიკას მოჰკიდე ხელიო. ასე მოხდა, რომ ექვსი წლისა იძულებული გავხდი, სამუდამოდ უარი მეთქვა მხატვრის ბრწყინვალე კარიერაზე.. იძულებული გავხდი, სხვა პროფესია ამერჩია - თვითმფრინავების მართვა ვისწავლე. თანდათანობით მთელი ქვეყანა შემოვიფრინე და გეოგრაფია მართლა გვარიანად გამომადგა. ერთი შეხედვით ვისწავლე ჩინეთის გამორჩევა არიზონისაგან, ეს კი განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ღამით მხარი გეცვალა.
... სერიოზული საფუძველი მაქვს, რომ ვიფიქრო, რომ პატარა უფლისწულის პლანეტა  ასტეროიდი ბ 612-ი იყო... მისი ნომერიც იმიტომ გაგანდეთ, რომ დიდებს უყვართ ასეთი წვრილმანები. დიდებს უყვართ ციფრები. როცა რომელიმე ახალ მეგობარზე უყვებით რამეს, არასოდეს არა გკითხავენ მთავარს. არასოდეს არ დაინტერესდებიან, როგორი ხმა აქვს, რისი თამაში უყვარს, პეპლებს თუ აგროვებს? აუცილებლად გკითხავენ: რამდენი წლისაა? რამდენი ძმა ჰყავს! რამდენი კილოა? რამდენს იღებს მამამისი? მხოლოდ ამის შემდეგ მოეჩვენებათ, რომ ამ ადამიანს იცნობენ. დიდებს რომ უთხრა: ლამაზი სახლი ვნახე, ფანჯრებში ნემსიწვერები ყვაოდა, სახურავზე კი მტრედები ჩამომსხდარიყვნენო - გაუჭირდებათ ასეთი სახლის წარმოდგენა. მაინცდამაინც უნდა უთხრა, ასიათასფრანკიანი სახლი ვნახეო, და ისინიც აღტაცებით შესძახებენ: ოჰ, რა ლამაზი სახლი იქნებოდაო!

 ,,ვიდრე წერას დაიწყებდე, უნდა იცხოვრო”
,,... წერის დროს, აღწერა კი არა, დანახვა უნდა ისწავლო. აღწერა უკვე შედეგია... ყოველთვის თქვენი შთაბეჭდილებებიდან გამოდით: მაშინ ბანალურად აღარ გამოგივათ... ნახეთ, ყველაზე გაურკვეველი მონოლოგებიც კი დოსტოევსკისთან რა ლოგიკური, საჭიროა. მათ შორის წმინდა შინაგანი კავშირია... და მათ მიმართ ინტერესიც არ სუსტდება... შეუძლებელია ცოცხალი პერსონაჟის შექმნა მისთვის ღირსებებისა თუ ნაკლოვანებების მინიჭებით და ამაზე რომანის აგება. მისი საფუძველია განცდილი გრძნობები. ისეთი მარტივი გრძნობაც კი, როგორიც სიხარულია, ძალიან რთულია საიმისოდ, რომ მისი გამოგონება შეიძლებოდეს... ერთი სიხარული არა ჰგავს მეორეს. სწორედ ამ განსხვავების, სიხარულის საკუთარი სიცოცხლის გამოხატვაა საჭირო. მაგრამ სიხარულის პედანტურად ახსნაც არ შეიძლება. აუცილებელია მისი გამოხატვა მისსავე გამოვლენაში... თუ ფიქრობთ, რომ სიტყვა ,,სიხარული” საკმარისია თქვენი გმირის მდგომარეობის გადმოსაცემად, მაშინ ეს გმირი ბუტაფორია ყოფილა და თქვენც არაფერი გქონიათ სათქმელი. (ამას წერს 23 წლის ეკზიუპერი).

,,იხილო ადამიანი ცოცხალი”
მეგობარმა ასეთი წერილი მომწერა: ,,ყველაფერს კარგად მივხვდი, რაც მითხარი. ერთნაირად კარგია ისიც, რაც პირველად შენგან გავიგე და ისიც, რასაც ბუნდოვნად ვგრძნობდი და ამიხსენი. შენ ხომ ფიქრის და აზრების ნათლად და უბრალოდ გამოხატვა გეხერხება... რომ იცოდე, როგორ მახარებს ჩემზე გაწეული ეს შრომა და მისი შედეგი”. მე, ჩემდა თავად, მინდოდა ის ცოცხალ ადამიანად მეხილა და არა უსულო წიგნის კაცად...
სიცოცხლისათვის ბუნებასთან, ცასთან, მიწასთან პირისპირ ბრძოლამ, უბრალო და ადამიანებისთვის საჭირო საქმისთვის ბრძოლამ, სიცოცხლის უბრალო და ძლიერი გრძნობა, იმის შეგნება გამიჩინა, რომ ადამიანი ცოცხლობს სწორედ ამ გრძნობაში. სწორედ ამ გრძნობაში, მის სისავსეშია ადამიანის სრულფასოვნების საწინდარი. თუ ადამიანები ცუდად არიან, თუ ისინი ეწამებიან, და იტანჯებიან, იმიტომ კი არა, რომ, როცა შიათ, საჭმელი არაფერი აქვთ, არც იმიტომ, რომ ისინი არავის უყვარს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ არავინ უყვართ. მატერიალური ხასიათის საშინელება არ არსებობს - უკმარობის, დაუკმაყოფილებლობის ნებისმიერი გრძნობა შინაგანი უკმარობის, ცხოვრების საკუთარი შეგრძნების უსრულობის გრძნობაა.

მეგობრები:
ნადმვილი მეგობრობა ნელ-ნელა მწიფდება...მალაელებს შავი თვალები აქვთ, ტაიტელებს ცისფერი. მე ალბათ ფერებს ვურევ, მაგრამ ამ საღამოს გარკვევით მივხვდი, რომ არასოდეს მინახავს არც ნამდვილად ცისფერი, არც ნამდვილად შავი თვალები. ისინი, გარს რომ მეხვივნენ, ვგრძნობდი, ყალბები იყვნენ. ჰოდა, მეც მივემგზავრები, ასე ვთქვათ, ნამდვილი თვალების საძებნელად...ძალიან სასაცილო ვარ, უაზრობაა მეგობრობის ხვეწნა-მუდარით გამოთხოვნა...
...გუშინ შორს, ძალიან შორს ვიყავი, ისე შორს, რომ აქამდე თავს სადღაც სამყაროს გარეთ ვგრძნობ, ცხობრებაზე ოდნავ ზემოთ, და ყველასადმი საოცარ გულმოწყალებას განვიცდი... მანქანა თანდათან აღარ მემორჩილებოდა. ორი ათას მეტრზე დავკარგე მართვის თავისუფლება... გაოცებით დავყურებდი მინდვრებს, სადაც უნდა დავხმსხვრეულიყავი. სრულიად ახალი განცდა დამეუფლა. ვგრძნობდი, როგორ ვფითრდებოდი, შიშისაგან პირდაპირ სისხლი გამეყინა ძარღვებში. ეს იყო უსაზღვრო, მაგრამ არა ნაღვლიანი შიში. ახალი, ენითგამოუთქმელი სიბრძნე.
თვითფრინავს გატეხილი არაფერი ჰქონდა და მიწამდე მივაღწიე. მაგრამ უკანასკნელ წუთამდე არ მჯეროდა გადარჩენისა. კაბინიდან რომ გამოვხტი, სიტყვა არ მითქვამს. ჩემთვის სულ ერთი იყო ყველაფერი, ვფიქრობდი, ვერასოდეს გამიგებენ-მეთქი. ყოველ შემთხვევაში ვერ გამიგებდნენ, რა სამყაროში შევაღწიე ფარულად. სამყაროში, საიდანც იშვიათად ბრუნდებიან, რომ შემდეგ შეეძლოთ მისი აღწერა. სიტყვები უძლურია: როგორ უნდა გამოხატო ის მინდორი და ის მშვიდი მზე? ხომ ვერ იტყვი: ,,მინდვრებს, მზეს გავუგეო”...
,,ნამდვილი მეგობრობის ქადაგება არ შეიძლება, მას მოქმედებაში სწავლობენ. მეგობრობა იქმნებოდა საფრთხესთან ყოველდღიურ შეჯახებაში. საეჭვოა, მხოლოდ იდეების ერთიანობამ შექმნას უანგარო მეგობრობა, მაგრამ ჭეშმარიტ ჭკუას ყოველთვის უბრალოებისა და უშუალობისკენ მივყავართ”...
ყოველთვის მაოცებდა: რატომ აყენებს პლატონი სათნოებათა შორის უკანასკნელ ადგილზე ვაჟკაცობას. დიახ, ვაჟკაცობა მაინცდამაინც ლამაზი გრძნობებისაგან როდი შედგება: მცირეოდენი გაშმაგება, მცირეოდენი პატივმოყვარეობა, სიჯიუტის მნიშვნელოვანი ნაწილი და უხამსი სპორტული დაკმაყოფილება.... არასოდეს აღარ აღმაფრთოვანებს ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვაჟკაცობას გამოავლენს.

,,რაც უფრო მდიდარია ადამიანი სულიერად...
რაც უფრო მდიდარია ადამიანი სულიერად, მით უფრო რთულია ის და მით უფრო უჭირს სულის მომწყვდევა უბრალო საქმეში, თუნდაც რომ ეგონოს, ამაზე ვოცნებობდი და ამის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო. სული ვერ ეტევა, ვერ თავსდება... ღამღამობით მე სრულიად სხვა ვარ. ვწევარ საწოლზე თვალებგახელილი და ვშფოთავ, ვღონდები, არ მომწონს, რომ ნისლია მოსალოდნელი. არ მინდა, ხვალ კისერი მოვიტეხო. ქვეყანა, რასაკვირველია, ბევრს არაფერს დაკარგავს. მე კი - ყველაფერს. მაინც რამდენი მეგობარი, რამდენი მოგონება, რამდენი მზე მაქვს... ეს არაბული ხალიჩაც, დღეს რომ ვიყიდე! პირდაპირ მესაკუთრედ მაქცია. მე, ასეთი ხალასი, ასეთი უანგარო ადამიანი.
... ერთმა ჩემმა მეგობარმა ხელები დაიწვა. არ მინდა, მეც მისი ბედი მეწიოს. დავყურებ ხელებს და მიყვარს ისინი. მათ შეუძლიათ წერა. წაღებზე ზონრების შეკვრა, ოპერების იმპროვიზაცია. თქვენ არ გიყვართ ისინი, მე კი გულს მიყუჩებენ, მხიბლავენ. ამისათვის ხომ ოცი წლის ვარჯიში იყო საჭირო, ხანდახან  ხელები ტყვედ იგდებენ სახეებს, სახეს...
დღე და ღამე. დღე აქუცმაცებს ადამიანს, აშორებს ერთმანეთს სულსა და გონებას, საქციელსა და სურვილს. ღამით კი ადამიანს შეუძლია გამთელება, დღის საზრუნავზე ამაღლება, თავისი დაქსაქსული გრძნობების თავმოყრა.
ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს სხვების ბაგეთაგან წარმოთქმული: ,,რა ახალგაზრდა ხარ!”  - რადგან საოცარი მოთხოვნილება მაქვს, თავს ახალგაზრდად ვგრძნობდე!

სული მოქმედების გარდა რაღაც სხვა საზრდოს ეძებს. არსებობს სიყვარულის მოვალეობაზე უფრო მაღალი რაღაც სხვა მოვალეობაც. თავისთავად ფიზიკური დრამა მხოლოდ მაშინ გვაღელვებს, როცა ჩვენთვის ცხადი ხდება მისი სულიერი აზრი.
ადამიანი, რასაკვირველია, სიყვარულისთვის არის შექმნილი, მაგრამ იგი შექმნილია ტანჯვისთვისაც.
ჩემს ნაწარმოებებში მეძებეთ.

ადამიანი სამყაროშია და სამყარო კი ადამიანში:
ადამიანი მხოლოდ იმას ამჩნევს სამყაროში, რაც თვითონ მის არსებაშია მოცემული, საჭიროა გარკვეული გაქანება, რომ იგრძნო ვითარების პათეთიკურობა და ყური მიუგდო, რას გამოხატავს იგი.
მხოლოდ სული აქცევს  თიხას თავისი შეხებით ადამიანად.
ჭეშმარიტება არის ის, რაც ყველაფერს ამარტივებს.
მე ადამიანის არც აწონვა შემიძლია და არც გაზომვა... არ ვიცი, როგორ გავარკვიო სამართლიანობა. ერთადერთი საკითხია: როგორი სტრუქტურა უფრო უწყობს ხელს შემოქმედებასა და სულიერ ცხოვრებას? ბევრი იმაში ცდება, რომ ფიქრობს, ადამიანის გაზომვა შევძელიო.
ვინც ფიქრობს, კულტურა დაზუთხული ფორმულების გროვააო, დიდი წარმოდგენის ვერ ყოფილა მასზე. ლიცეუმის საგანგებო კლასის საშუალო მოწაფემ უფრო მეტი იცის ბუნებასა და მის კანონებზე, ვიდრე დეკარტემ და პასკალმა იცოდნენ, მაგრამ განა ეს მოწაფე მათსავით აზროვნებს?
მებაღეებს მღელვარება დაეუფლებათ ხოლმე, როცა ბაღში ახალ ვარდს გამოიყვანენ. მაშინვე გააცალკავებენ, თავს დასტრიალებენ, ყოველმხრივ ცდილობენ მის გახარება-განვითარებას. მაგრამ ადამიანებს არა ჰყავთ მებაღეები...
მე ის მაწამებს, რასაც ღარიბ-ღატაკთა მუქთი შეჭამადი ვერაფერს უშველის... ისა მტანჯავს, რომ, შესაძლოა, ყოველ ადამიანში მოცარტია ჩაკლული.
ნაწარმოების ძალა და სიცოცხლისუნარიანობა მისი აგებულების შედეგი კი არა, მიზეზია.
არ არსებობს მატერიალური ხასიათის საშინელება... მხოლოდ გულით ხედავ კარგად...
ომი რისკზე წასვლა კი არაა, არც საბრძოლველად წასვლაა, მეომრისათვის ის ხანდახან პირდაპირ სასიკვდილოდ წასვლაა.
მხოლოდ გამარჯვება აერთიანებს ყველას. დამარცხება არამცთუ თიშავს ადამიანებს, შინაგან ჰარმონიასაც უსპობს. მეორე მსოფლიო ომის დროს, ლტოლვილები იმიტომ კი არ დასტიროდნენ საფრანგეთს, რომ დამარცხებულნი იყვნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ საფრანგეთი მათ ირგვლივ კი არა, მათს არსებაში ინგრეოდა. საფრანგეთის დატირება უკვე გამარჯვების ნიშანი იქნებოდა...
ცხოვრება ყოველთვის ანგრევს მზამზარეულ  ფორმულებს, მთელი თავისი სიმახინჯის მიუხედავად, დამარცხება შეიძლება აღორძინების ერთადერთ გზად იქცეს.
ვიცი: ხე რომ აღმოცენდება, თესლი დასამარხავად უნდა გაწირონ. წინააღმდეგობის პირველი აქტი, თუ ძალიან დაიგვიანა, ყოველთვის წაგებულია. მაგრამ სამაგიეროდ ის აღვიძებს წინააღმდეგობას  და შესაძლოა მისგან აღმოცენდეს წინააღმდეგობა, როგორც თესლისგან ხე...
წესრიგი მხოლოდ წესრიგისათვის მხოლოდ ასაჭურისებს ადამიანს...
...ადამიანებს არც დრო აქვთ და აღარც არაფერი დარჩათ შესაცნობი. ისინი ყველაფერს მზამზარეულად ყიდულობენ. მაგრამ მეგობრებით მოვაჭრენი არ არსებობენ და ადამიანებს აღარ ჰყავთ მეგობრები.
...ადამიანებს დედამიწაზე ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი უდგათ და მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც ეძებენ... ის კი, რასაც ისინი ეძებენ, შეეძლოთ ერთადერთ ვარდში, ანდა ერთ ყლუპ წყალში ეპოვათ... მაგრამ თვალი ბრმაა, გულით უნდა ეძებო!
უიმედო სიყვარული უიმედო არ არის. ეს ნიშნავს უსასრულობაში დაახლოებას, ვარსკვლავიც მთელი გზა გინათებს, არა ქრება. შეიძლება გასცე, გასცე, გასცე და გასცე! საოცარია, მე არ ძალმიძს, მორწმუნე გავხდე. ღმერთის სიყვარულიც ხომ უიმედოა... სწორედ ჩემი შესაფერისი იქნებოდა მონასტერი და გრიგორიანული წირვა...









 ბიოგრაფი  მ .მიჟო