5 мая 2011 г.

ჯემალ ქარჩხაძე: ,,იგი” (მეოთხე ნაწილი)


ბელადი
შეკრთა. ცალი ფეხი უკან გადადგა. თვალები გაუფართოვდა და იგის მოეჩვენა, რომ ხმაც გაუფართოვდა.
- იგი ბელადიც არის?
გამოქვაბულმა ერთი დაიღმუვლა და მერე სიჩუმეზე უფრო ძლიერი სიჩუმე ჩამოწვა.
დუმილი დაჟინებით მისჩერებოდა და პასუხს ელოდა.
იგიმ თვალები დახუჭა და გაირინდა. სხეულში აწრიალებული შეშფოთება მიყუჩდა. თავში სიტყვების გაუგებარი გროვა ნელა შეირხა, გადაიხსნა და წყობისად დალაგდა. მაშინ იგიმ თვალები ისევ გაახილა და ბელადს მიაპყრო.
- იგიმ ისეთი რამ იცის, რაც სხვებმა არ იციან. იგიმ იცის, რომ იგი ყველაფერია და დანარჩენებიც ყველაფერი არიან. ყველაფერი იგის სხეულშია და იგის შეუძლია ყველაფერი თავისი სხეულიდან გამოუყვანოს. იგი აჩვენებს ბელადს, როგორ გამოვა იგის სხეულიდან ყველაფერი. გამოვიდეს ბელადი გარეთ. დანარჩენებიც გამოვიდნენ.
იგი შეტრიალდა და წელში გამართული, ნელი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისაკენ.
თავიდან არავინ განძრეულა. ყველა გაშეშებული იდგა და იგი გრძნობდა, რომ ყველა მას უყურებდა.
იგის არ მოუხედავს, ისე გავიდა გამოქვაბულიდან.
ქადილით კი დაიქადნა, მაგრამ არ იცოდა, შეასრულებდა ნათქვამს თუ ვერა. რაც ზღვის პირას მოხდა, თავისთავად გაჩნდნენ იგის სხეულში ნიცა და ბელადიც, თავისტავად გამოვიდნენ იქიდან და მერე სილაში ჩაწვნენ. ახლა კი იგი ბედს იყო მინდობილი, როგორც მონადირე, რომელმაც კვალს ვერ მიაგნო და ალღოთი დაეძებს ნადირს. თუ ალღომ უმტყუნა იგის, ბელადის რისხვა დიდი იქნება და ძლიერი.
იგიმ აქაც უნდა გააკეთოს ის, რაც ზღვის პირას გააკეთა.
იგი ჩაცუცქდა, საჩვენებელი თითი გაშალა და, მიწას რომ შეახო, სხეულში ცივმა შეშფოთებამ დაუარა. ზღვის პირას რბილი სილა იყო და თითი ადვილად ეფლობოდა შიგ, აქ კი მაგარი მიწაა, ამ მიწას თითი ვერაფერს დააკლებს...
იგის ბრძოლა მოუწევდა ბელადთან. კეტი მაინც არ დარჩენოდა გამოქვაბულში.
იგი ზეზე წამოვარდა, უკანვე შეტრიალდა, მაგრამ გვიანღა იყო: გამოსასვლელში უკვე მოჩანდა ბელადი. თავში, თითქოს იგის სულაც არ ეხებოდა, ისე ჩაიქროლეს სიტყვებმა: "რომც არ დარჩენოდა კეტი გამოქვაბულში, ასეთ ბელადთან მაინც რას გახდებოდა იგი!"
მაგრამ სხეული ხსნას ეძებდა და სიტყვებს ყურადღებას არ აქცევდა. სხეული სწრაფად დატრიალდა, თვალებმა რაღაცას დაუწყეს ძებნა, ბოლოს ქვაზე შეჩერდნენ. ფეხებმა სწრაფად მიირბინეს იმ ქვასთან, ხელებმა აიტაცეს. იგი ცდილობდა გაერკვია, რას აპირებდა მისი სხეული, მაგრამ სხეული გაექცა იგის და იგი აღარ იყო სხეულის პატრონი. და მხოლოდ მაშინ, როცა ხელებში ატაცებული ქვა შუაზე გადატყდა, იგი დაეწია თავის სხეულს.
"რაღა რბილი ქვა მოყვა ხელში იგის!" - უხმოდ თქვა გამწარებულმა იგიმ და ქვას ხელი გაუშვა. ნატეხი ძირს დაეცა და კვლავ შუაზე გადატყდა.
იგი დამტვრეულ ქვას დააცქერდა და უცებ სხეულში ძლიერი სინათლე შემოიჭრა. მაშინვე თვითონაც სინათლედ იქცა, ყოველ მხარეს გაიფანტა, ყველაფერში შეაღწია, ყველაფრად იქცა და ყველაფრად იგი აქცია. ახლა სამყარო და იგი ერთი განუყოფელი რარაც იყო.
იგის არ გაუგია, როგორ დავარდა მუხლებზე და როგორ აიღო დამსხვრეული ქვის მოზრდილი ნატეხი, რადგან, როცა საკუთარ თავს დაუბრუნდა, ქვის ნატეხი ხელში ეჭირა და ზედ გამალებით უსვამდა ფრჩხილს. ფრჩხილი მკრთალ კვალს ტოვებდა. სხეულიდან კი ძლიერი ბაგაბუგი ისმოდა.
როცა ქვა სულ ერთიანად დაიკაწრა, იგი შეჩერდა და ნაკაწრს დააკვირდა. ის ხელი, რომელიც წეღან კაწრავდა, ახლა იგის გვერდით მიწაზე დაფათურობდა და რაღაცას ეძებდა. ბოლოს ამ ხელმა მაგარი ქვის ნატეხი იპოვა და აიღო.
იგიმ რბილი ქვა გადმოაბრუნა და მეორე, დაუკაწრავ მხარეს მაგარი ქვა გაუსვა. მაგარი ქვის კვალი კიდევ უფრო ღრმა და მკაფიო იყო, ვიდრე ფრჩხილის კვალი.
სხეულიდან კვლავ ისმოდა ბაგაბუგი.
მაშინ იგიმ თავი ასწია. უკვე ყველანი გამოსულიყვნენ გამოქვაბულიდან. იდგნენ და იგის შესცქეროდნენ.
იგის სახეზე სითბოს სუნი აუვიდა, თეთრი კბილები გამოაჩინა და ბელადს მიუბრუნდა.
- რომელი ქვა აიღოს იგიმ?
ბელადმა იგის შეხედა. მერე თავი გვერდზე გადახარა, ლამის ბეჭზე დაიდო და ისე უყურა. ბოლოს თქვა:
- რომელიც უნდა.
თან კეტს მაგრად მოუჭირა ხელი.
იგიმ ბრტყელი ქვა აირჩია. ფრთხილად აიღო, რომ არ გადამტყდარიყო, ბელადთან მიიტანა და აჩვენა.
- ხომ ხედავს ბელადი ამ ქვას? იგის შეუძლია, რაც ბელადს სურს, ის გამოიყვანოს თავისი სხეულიდან და ამ ქვაზე დადოს.
ბელადმა პირი გააღო, ნაბიჯი უკან გადადგა და ფრთხილად მიხედა თანამოძმეებს.
- რა გამოიყვანოს იგიმ თავისი სხეულიდან? - ჰკითხა იგიმ.
ბელადს კეტი მომარჯვებული ეჭირა. იგისთვის არ შეუხედავს, მიწას დაჰყურებდა. ბოლოს თქვა:
- რაც თვითონ უნდა, ის გამოიყვანოს. - და კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.
- კარგი. - თქვა იგიმ, ჩაიმუხლა, რბილი ქვა მიწაზე დადო, ცალი ხელი ზედ დააჭირა, მეორე ხელით მაგარი, წვეტიანი ქვა მოიმარჯვა, თვალები დახუჭა და სხეულში ნი მოიხმო.
ნი გაჩნდა. ლამაზი ნი იყო. მაშინ იგიმ თვალი გაახილა, წვეტიანი ქვა რბილ ქვას დაადო და ნელა გაუსვა.
ნი ქრებოდა სხეულში და ჩნდებოდა ქვაზე.
ირგვლივ ისეთი დუმილი იდგა, თითქოს იმ არემარეზე კაცი არ ჭაჭანებდა.
სხეულში ბაგაბუგი მაშინ შეწყდა, როცა ნი მთლიანად გადმოვიდა ქვაზე.
იგი წამოდგა, ჯერ თვითონ დახედა ქვის ნის, მერე მაღლა ასწია და თანამოძმეებისკენ შეტრიალდა.
ისეთი წივილ-კივილი ატყდა, თითქოს მძვინვარე მხეცი სახმოდეთ თავს.
თვალის დახამხამებაში ყველანი გამოქვაბულში შეცვივდნენ.
გარეთ მხოლოდ ზუ დარჩა. ზუ იდგა და ქვის ნის თვალს არ აშორებდა.
იგის გაუკვირდა.
"არ ეშინია ზუს?" - იკითხა თავის სხეულში და ის იყო ხმამაღლა უნდა ეთქვა, რომ გამოქვაბულიდან ბელადის თავი გამოჩნდა.
ბელადმა ქვის ნის შეხედა და ისევ მიიმალა, მაგრამ მალე კვლავ გამოჩნდა. ერთხანს ზღურბლზე იდგა, მერე წამოვიდა და შორიახლოს გაჩერდა.
მაშინ დანარჩენებიც გამოვიდნენ და ბელადის უკან დადგნენ.
- ქვის ნი საშიში არ არის. - თქვა იგიმ.
ბელადმა კბილები დაკრიჭა, სახეზე ავმა ფერმა გადაკრა.
- ბელადს არ ეშინია! - დიდი ხმით თქვა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა იგისთან, ქვის ნი გამოართვა და დახედა. უყურა, უყურა და თქვა:
- ქვის ნი საშიში არ არის. - მერე იგის მიუბრუნდა, ქუშად სეხედა. - ქვის ბელადსაც გამოიყვანს იგი თავის სხეულიდან?
- გამოიყვანს. - თქვა იგიმ.
ბელადმა ქვის ნი დაუბრუნა იგის, კეტი მაგრად ჩაბღუჯა. თვალებში მრისხანების ფერი ჰქონდა.
- მაშ გამოიყვანოს იგიმ ქვის ბელადი.
იგიმ ქვის ნი ძირს დადო, სხვა რბილი ქვა მოძებნა, ჩაიმუხლა, თვალები დახუჭა, ბელადს მოუხმო სხეულში. მერე, როცა ბელადი შემოვიდა, თვალები ისევ გაახილა და საქმეს შეუდგა.
ზუს მზერას ძალიან ახლოდან გრძნობდა.
როდესაც ბელადი სხეულიდან მთლიანად გადმოვიდა ქვაზე, იგი წამოდგა. ქვა ასწია და ქვის ბელადი ყველას დაანახა.
ამჯერად მხოლოდ ღმუილი გაისმა. გაქცევით არავინ გაქცეულა.
ბელადმა ქვის ბელადი გამოართვა იგის. დახედა. დიდი ფაფარი ეყარა მხრებზე და ავი თვალები ჰქონდა.
- ახლა აღარა ჰყავს იგის სხეულში ბელადი? - იკითხა ბელადმა.
- ჰყავს! - მიუგო იგიმ.
- ხომ გამოიყვანა? - ბელადი თვალებში უყურებდა იგის.
ჰყავს. - გაიმეორა იგიმ. - სანამ იგი არის, მის სხეულში არც ბელადი გამოილევა, არც ნი, არც არაფერი. ბელადსაცა ჰყავს სხეულში იგი, ბელადი იგია და იგი ბელადია.
- ბელადი იგი არ არის! - დიდი ხმით დაიყვირა ბელადმა და კეტი მოიმარჯვა, ხოლო რაკი კეტი მოიმარჯვა, ქვის ბელადი ხელიდან გაუვარდა.
ქვის ბელადი ძირს დაეცა და შუაში გატყდა. ნახევარი ბელადი აქეთ ეგდო, ნახევარი - იქით.
ბელადმა დაიღმუვლა. დანარჩენებმაც დაიღმუვლეს.
ყველანი ახლო მოცვივდნენ და ორად გაყოფილ ბელადს დააცქერდნენ.
ბელადი დაიხარა, თავის ნაწილებს უყურა, ხელში აიღო, ატრიალა; იგის სეხედა, თანამოძმეებს შეხედა, ისევ ქვის ბელადის ნატეხებს დააცქერდა. ერთ ნატეხზე წელს ზევით იყო ბელადი, მეორეზე - წელს ქვევით. ბელადის კეტიც ნახევარი ერთ ნატეხზე იყო, ნახევარი - მეორე ნატეხზე.
იგი ზუს მზერას გრძნობდა.
უცებ ბელადმა ნატეხები მოიქნია და შორს გასტყორცნა. ნატეხები ბუჩქებში დაეცა და იქიდან მსხვრევის ხმა მოისმა. მსხვრევის ხმას საერთო ღმუილი მოჰყვა.
მერე ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, სიჩუმე რომ ჩამოვარდა, თქვა:
- როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება.
ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.
შეშფოთებამ იგის თავით ფეხებამდე დაუარა.
იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა. ბელადმა ახალი სიტყვები გააჩინა.
იგიმ არ იცოდა, მისი სხეულის რომელი ნაწილი გრძნობდა, რომ ეს სიტყვები აღარასოდეს გაქრებოდა და ყველა მომავალი ბელადის თავში იქნებოდა საშიში და გამზადებული, როგორც მომარჯვებული კეტი.
ირგვლივ დუმილი იდგა.
იგიმ ბელადს აარიდა თვალი და მზერა შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთების გემო ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან.
ყველანი მოხრილები იყვნენ, მაგრამ ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა, კბილები - მრისხანედ და ავად დაკრეჭილი. მორიგეობით ინაცვლებდა ფეხს და ადგილზე ირწეოდა.
იგიმ იცოდა, რომ ან უნდა დამორჩილებოდა ბელადს, ან უნდა შებმოდა.
შებმას აზრი არ ჰქონდა: ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირიც კი დამფრთხალი გარბოდა.
ბელადი იგის უყურებდა და ელოდა.
ვიღაცამ გამოქვაბულიდან კეტი გამოუტანა იგის და ფეხებთან დაუდო. იგიმ კეტი აიღო. ბელადი დაიძაბა და შეიკუმშა.
რომც ჰქონოდა შებმას რაიმე აზრი, იგი მაინც უარს იტყოდა. სხეული დიდი სიმშვიდით იყო სავსე და ამ დიდ სიმშვიდეს ვერაფერს ვერ დაარღვევინებდა.
იგიმ კეტი ძირს დააგდო და ბელადს ზურგი შეაქცია.
მაშინ ბელადმაც დაუშვა კეტი და გამოქვაბულში შევიდა.
დანარჩენებიც მიჰყვნენ და შეწყვეტილი ჭამა განაგრძეს. ბელადმა ჯერ იგის წილი ხორცი შეჭამა, მერე თავის წილს დაუწყო ძიძგნა.
იგი თვალებდახუჭული იწვა, მაგრამ არ ეძინა.
დიდი დაძინების ქარაფზე ხშირად ასელა, ოღონდ შუაწელს არასოდეს გასცდენია. მუდამ შუაწელზე რჩებოდა, ბოლო ხის ძირას. როცა ვინმე თავისი ფეხით ადიოდა ქარაფის წვერზე, რათა დიდი დაძინების ხახაში ჩაშვებულიყო, მაშინ დანარჩენები ბოლო ხის ძირას რჩებოდნენ; ხოლო თუ ვინმე გამოქვაბულშივე დაიძინებდა დიდი დაძინებით, კაცებს აჰქონდათ ქარაფის წვერზე; იქ ხელებში და ფეხებში მოეჭიდებოდნენ, გაიქნევდნენ, გამოიქნევდნენ და გადააგდებდნენ. იგი ამ დროსაც ბოლო ხის ძირას რჩებოდა სხვებთან ერთად. ახლა იგის ჯერიც მოვიდა. ცა რომ დღის თვალს გაახელს, იგი ავა დიდი დაძინების ქარაფზე და უკან აღარ დაბრუნდება.
სხვები? სხვები დაბრუნდებიან? იგის სხეულში დიდი გაკვირვება შევიდა და იქიდან ყველაფერი გამოდევნა.
როგორ დაბრუნდებიან სხვები, თუკი იგი აღარ იქნება? როგორ იარსებებენ, როგორ ინადირებენ, როგორ იტყვიან სიტყვებს? ან ბალახზე როგორ აბრჭყვიალდება მრგვალი წვეთი, ან წვიმა როგორ მოვა ქვეყანაზე? შეუძლებელი ჩანდა რაიმეს არსებობა, როცა იგი აღარ იარსებებდა. იქნებ იგი იარსებებს? იქნებ მთლიანად არ გაქრება? იქნებ ის რაღაც, რაც იგიც არის, ტყეც, ზღვაც, ცაც და ყველაფერი, დარჩეს ქვეყანაზე?
გამოქვაბულში ფაჩუნი გაისმა. იგიმ ცალი თვალი გაახილა. კუთხეში ვიღაცის ლანდი წამოდგა.
"ზუს ჰგავს, - უხმოდ თქვა თავის სხეულში. - სად მიდის ზუ?"
ზუ ფრთხილად მიიკვლევდა გზას თანამოძმეთა სხეულებს შორის. იგის რომ მიუახლოვდა, შეჩერდა. იგიმ თვალები დახუჭა და თავი მოიმძინარა. ზუს მზერას სითბოს სუნი მოჰყვებოდა. "რა უნდა ზუს?" - თავის სხეულში იკითხა იგიმ. მერე ზუს მზერა წავიდა და იგიმ თვალი გაახილა. ზუმ გასასვლელს მიაღწია და გამოქვაბულს გასცდა.
იგიმ დაძინება სცადა, მაგრამ ვერ დაიძინა. დიდხანს იწვალა. ბოლოს ადგა და ფეხიაკრეფით გავიდა გარეთ. ზუ არსად ჩანდა.
"რაღაც დარჩება იგისგან, - თავის სხეულში თქვა იგიმ. - ოღონდ იგიმ არ იცის, როგორ დარჩება რაღაც... ნეტა ზუ სად უნდა წასულიყო?"
ღამის თვალი ბრჭყვიალებდა და სხივებს ჰფენდა არემარეს და იქაურობას ანათებდა.
იგი ხის ძირას დაჯდა, თვალები მოჭუტა და ღამის თვალს მიაჩერდა. ასე უფრო ბრჭყვიალებდა სხივები.
"დღის თვალიც და ღამის თვალიც დიდი დაძინების ქარაფს იქით ეშვება, - უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. - სად მიდიან? ან მერე რაღად ჩნდებიან შიშველი მთის თავზე? ქვის ნის მაგივრად რომ ქვის მძვინვარე მხეცი გაეკეთებინა იგის, მაშინაც გაბედავდა ბელადი გამოქვაბულიდან გამოსვლას? ქვის მძვინვარე მხეცი რომ გაეკეთებინა, ალბათ გამოქვაბულში არც შეცვივდებოდნენ, სულ გადაიკარგებოდნენ ამ არემარედან. ზუს რა უნდა გარეთ? სად წავიდა ზუ? დარჩება რაღაც, იგი რომ გაქრება, თუ არ დარჩება? ძველი ბელადი რომ ჩაეშვა დიდი დაძინების ხახაში, რა დარჩა მისგან? კვალი? არა. კვალი სხვა რამეა. იქნებ ის დარჩა, რომ იგი ამბობს: ძველი ბელადი. ძველი ბელადი რომ არ ყოფილიყო, იგი არ იტყოდა: "ძველი ბელადი". რაკი ძველი ბელადი იყო და გაქრა, იგი ამბობს: "ძველი ბელადი".
ბუჩქებიდან ფაჩუნი მოისმა. იგიმ ყურები ცქვიტა.
"ზუ იქნება". - უხმოდ თქვა თავის სხეულში და ხმადაბლა დაიძახა:
- ზუ!
ფაჩუნი შეწყდა. მერე ზუს ლანდმა მინდორი გადაირბინა. ხელში რარაც ეჭირა.
"ზუს ქვა მიაქვს". - თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ დაუძახა:
- ზუ!
ზუს არ მოუხედავს. ხელში ქვა ეჭირა, ის ქვა გულზე მიიხუტა, სირბილს მოუმატა და მალე ტყეში გაუჩინარდა.
იგი წამოდგა და იმ ბუჩქებისკენ გასწია, საიდანაც წეღან ფაჩუნი შემოესმა. ბუჩქის ძირას ქვის ბელადის ნამსხვრევები ეყარა. ნამსხვრევები ვიღაცას მოეგროვებინა და ისე მიედო ერთმანეთზე, როგორც მანამ იყო, სანამ დაიმსხვრეოდა. ოღონდ რამდენიმე ნატეხი აკლდა, რომლებზეც ბელადის ვიწრო შუბლი და ცალი ფეხი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ქვის ბელადს ახლა შუბლი და ცალი ფეხი არ ჰქონდა.
აი თურმე რა უნდოდა ზუს!
იგი ბუჩქებიდან გამოვიდა. გამოქვაბულის შესასვლელთან ლანდს მოჰკრა თვალი. ლანდი გამოქვაბულიდან გამოდიოდა.
"ზუს არა ჰგავს, - უხმოდ თქვა იგიმ. - ნისა ჰგავს".
იგის სხეულში ნის სიტყვები გაჩნდა: "იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი სხვა ჯიშისაა". ნის სიტყვებმა იგის რაღაც ატკინა სხეულში.
ნიმ იგი შეამჩნია და მისკენ გამოეშურა.
- ნიმ დაინახა, იგი რომ გამოქვაბულიდან გამოვიდა, - თქვა ნიმ. - ნი იგის გამოჰყვა.
ნი ლამაზი იყო.
- რა უნდა ნის? - იგის ნის სილამაზემაც ატკინა რაღაც.
ნიმ წყნარად თქვა:
- ნის იგისთან უნდა.
იგის სხეულში ნი გულაღმა დაწვა და თვალები მილულა.
- კარგი, - თქვა იგიმ, - დაწვეს ნი.
- არა, - თქვა ნიმ და სახეში შეხედა იგის. ნის თვალებიდან უცნობი სხივები იფრქვეოდა. - ნის არ უნდა იგისტან დაწოლა.
იგის გაუკვირდა.
- აბა, რა უნდა ნის?
- ნის იგის გვერდით ყოფნა უნდა. ნის უნდა, რომ იგის გვერდით იჯდეს ხის ძირას.
"რა დაემართა ნის?" - უხმოდ იკითხა იგიმ და ყურადღებით დააცქერდა.
ადრე, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა, იგისაც უნდოდა ნის გვერდით მჯდარიყო უხმოდ და ყველა სიტყვას სძინებოდა. მაგრამ ეს, ალბათ, იმიტომ უნდოდა, რომ ნი ლამაზი და თბილი იყო, ანდა იმიტომ, რომ იგი თურმე ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. ნის რარა დაემართა? ნუთუ არც ნია ისეთი...
იგიმ თავი გაიქნია და სიტყვები გაფანტა.
დასხდნენ ხის ძირას და ისხდნენ უხმოდ. მერე ნიმ თქვა:
- იგიმ ქვის ნი გააკეთა. რა უყო იგიმ ქვის ნი?
- იგიმ აქ დატოვა ქვის ნი. - თქვა იგიმ და უცებ სხეულში ზუ გაჩნდა, რომელსაც ხელში ქვა ეჭირა და ტყისკენ მირბოდა. "ქვის ნი მიჰქონდა ზუს. - უხმოდ თქვა იგიმ. - რად უნდოდა ზუს ქვის ნი?" - მერე ხმამაღლა დაუმატა: - სადმე იქნება ქვის ნი.
- იგის საკვირველი სიტყვები აქვს. - თქვა სიჩუმის მერე ნიმ. - ნის ენატრება იგის საკვირველი სიტყვები.
ნის სხეულიდან სითბო წამოვიდა. და უცებ ნი ისეთი გახდა, როგორიც იყო მანამ, სანამ ნაკადულის პირას ის მოხდებოდა, რაც მოხდა.
იგი საამო სითბოში გაეხვია და თვითონაც სითბოდ იქცა. სითბო ყველაფერს მოედო. ახლა ყველაფერი სითბო იყო; ახლა ყველაფერი იგი იყო და ახლა ყველაფერი ნი იყო.
იგის ხელმა ნის ხელი მოძებნა და ფრთხილად შემოეჭდო. ნის ხელი ოდნავ ტოკავდა.
- როცა იგი დღის თვალს უყურებს, იგის უხარია ნი, - წყნარად თქვა იგიმ და სიტყვები ისე შრიალებდნენ, როგორც შრიალებს ტყე, ნიავი რომ დაუბერავს. - როცა იგი ღამის თვალს უყურებს, იგის ენატრება ნი. ნის თვალები ისეთია, როგორიცაა მთვლემარე ზღვა; ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი. როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო. როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგონია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა, რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია...
ნის ხელი ოდნავ ტოკავდა. მერე ნიმ მიავივით დაიჩურჩულა:
- იგი ისეთი არ არის, როგორიც არიან სხვები. იგი კარგია.
ქარაფის შუა წელზე, ბოლო ხესთან, ყველანი შეჩერდნენ.
იგიმ მარტო განაგრძო გზა აღმართში.
ნელა მიაბიჯებდა. გამართული. თავაწეული. ქარაფის წვერს ახლადგახელილი დღის თვალი დაჰნათოდა. მკაფიოდ ჩანდა ყოველი ბუჩქი, ყოველი ბალახი, მიწის ყოველი ნამცეცი.
ქარაფის წვერზე დიდი სინათლე იყო.
იგი ნელა მიაბიჯებდა.
ეს გზა იმთავითვე იგისთვის იყო გამიზნული. ვიღაცამ თუ რაღაცამ იმთავითვე იცოდა, რომ იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზე. ამიტომ ეხმიანებოდნენ შორეული ქედები: გაიმართოს იგი! ამიტომ დუდუნებდა ვრცელი ზღვა: გაიმართოს იგი! ამიტომ ჩამოსძახოდნენ ცა და ცის თვალები: გაიმართოს იგი! ნის საკვირველი სითბოც მუდამ გამართვას მოითხოვდა იგისგან.
სხვანაირად არ შეიძლებოდა. იგი უნდა გამართულიყო და მერე ასე გამართული ასულიყო დიდი დაძინების ქარაფზებელადი ქვემოთ იცდის, ბოლო ხესთან. დანარჩენებიც იქ იცდიან.
"იგი ბელადზე უფრო ძლიერია". - მოულოდნელად თქვა იგიმ თავის სხეულში და უკან მოხედვა მოუნდა, მაგრამ არ მოუხედავს.
მშვიდად მიაბიჯებდა.
"ისიც რომ იცოდეს იგიმ, - უხმოდ ამბობდა იგი, - რა დარჩება მისგან, როცა ქარაფის წვერიდან გადაეშვება, მაშინ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო წუხელ, ღამის თვალი რომ ბრჭყვიალა სხივებს აფრქვევდა ქვეყანაზე და იგი და ნი გვერდიგვერდ ისხდნენ ხის ძირას. მაგრამ ამის ცოდნა იგიმ ვერ იპოვა. ძველი ბელადისაგან კვალი დარჩა. მაშინ წვიმა მოდიოდა. ახლა წვიმა არ მოდის და იგის კვალი არ დარჩება... თუმცა კვალი სხვა რამეა; კვალი არ არის ის, რაც უნდა დარჩეს".
იგიმ ქარაფის წვერს მიაღწია.
ისინი ქვენოთ უცდიან, ბოლო ხესთან.
იგი ისე სწრაფად მოტრიალდა, თითქოს რაღაცამ უბიძგა და ძალით მოატრიალაო.
და უცებ შეკრთა. სხეულში თბილმა ტალღამ დაუარა. და სანამ თვალები მიხვდებოდნენ, რა დაინახეს, სიტყვებმა უხმოდ თქვეს: "იგიმ იცის რა დარჩება მისგან!"
ისინი იდგნენ მოხრილები, გრძელი ხელები კოჭებამდე დასტრევდათ, ვიწრო შუბლები მიწისათვის მიეშვირათ და ქვემოდან შემოსცქეროდნენ იგის.
ხოლო ბოლოში, ყველაზე უკან იდგა ზუ. და იგის თვალები ისე იყვნენ გაკვირვებული, რომ გვიან მოხვდნენ: ზუ იდგა გამართული, მხრებში გაშლილი, თავი მაღლა აეწია, მშვიდი მზერით შემოჰყურებდა ქარაფის წვერს.
და იგი მიხვდა, რომ ყველაზე უფრო, ცის თვალზე, შორეულ ქედებზე, ზღვაზე და ტყეზე უფრო, მისი წელში მოხრილი, ვიწროშუბლიანი ძმები შესთხოვდნენ და ევედრებოდნენ: გაიმართოს იგი! დაწინაურდეს იგი!
იგის სხეულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა ურიცხვი ტომი. ყველა გამართული იყო, ყველა - მხრებში გაშლილი. ცას უყურებდნენ. სხივოსანი თვალები ჰქონდათ. მხრებზე რარაც თეთრი წამოესხათ და ეს თეთრი მოსასხამები დღის თვალის შუქზე დღის თვალებივით ლაპლაპებდნენ. და საკვირველი ტომი ისე შემოიჭრა იგის სხეულში, რომ იქ ყველაფერი გაანათა.
იგი ზუსაც უყურებდა, სხივოსან ტომსაც და თავის განათებულ სხეულსაც.
მერე უკან გადადგა ნაბიჯი. სახეზე სითბოს სუნი ასდიოდა.
კიდევ გადადგა უკან ნაბიჯი და, ფეხმა რომ ქვეშ მიწა ვერარ იგრძნო, უხმოდ თქვა თავის სხეულში: "იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო". 

Комментариев нет:

Отправить комментарий