31 янв. 2010 г.

ავტორი ზებულონი:


***
ფურცლები,
აზრები,
ფოთლები და სიცილი,
ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტყეში ტურები წივიან.
ზამთარია და ტურები წივიან ტყეში....
მოარულ ფიქრთა განსხეულება და მერე შეერთება ჩემში...
მაგარია! ასე მგონია თმებს მაგლეჯენ თბილად...
დადგა ჟამი ოპტიმისტური სასოწარკვეთის და ..
მერე სითბოსკენ მივდივარ და ჩემი გაყინული ფეხები (ზამთარია და ტურები წივიან ტყეშინაკვალევს ტოვებენ.....
ჩემი გაყინული ფეხები სიზმრებს მაგონებენ.... მახსოვს ძილშიც განვიცდიდი კოსმიურ ჰაეროვნებას... (მე მიყვარდა ეს სიზმრები. ატმოსფეროს ქმნიდნენ ყოველთვის) კოსმოსში ტივით სეირნობა როგორია? ჰო... სად შევჩერდი?
-გამოვედი მწვანე ფოთლებიდან (თუმც, ზამთარია და ტურები წივიან ტყეში) და ჰაეროვნებაც გაქრა....
აქეთ არც თოვლია და არც რეალობასთან განშორების სურვილი.
აქეთ სიკვდილს ელოდებიან, მაშინ როცა სიკვდილს ლოდინი არ უყვარს. ეგეც არ იყოს, რატომ უნდა ელოდო იმას, რაც უეჭველად მოვა?
აქეთ უკვე გზებს აგებენ და ფუსფუსია.
აქეთ უკვე ნაყინებსაც ყიდიან (ზამთარია და ტურები წივიან ტყეში (ეს ბოლოჯერ ვიმეორებ).
ყველა კომერსანტის მოთმინებით იტანს კუდის ქიცინს.
მერე თოვლიც ქრება და ასფალტის სიცხე მიწვავს ტერფებს.
უკვე შეცვალა გარემომ ჩემი აზრები და ამ დროს ჟანგი უკვე ნახევარ სახეზე მოკიდებული მაქვს (თუ წაკიდებული? წითელი ჟანგი)...
წეროები მეძახიან ჩემს სახელს. ეს ძახილი იმატებს და ფანტაზიურად რეალური ხდება...  თურმე დილაა და ჩაი უნდა დავლიო ... აი, ვინ მეძახდა თურმე...  რეალობა მეძხდა თურმე თავისი ხელშესახები, უექო ხმით...




 *** 
"აია-სოფიას" წინაც მათხოვრობენ (არაო, მაგრამ ეგრეა). თხა მიბაკუნებს იქვე. "ლაჰათ-ლუხუმის" სუნი, მტვრიანი ქუჩის სუნში ირევა. დღეს ქარია და ერთი მოხუცი ქალი მათხოვრობს მხოლოდ, სახელად, "ხავსის სიხარული". "ხავსის სიხარულმა" კარგად იცის რომ, მხოლოდ დღეს დაეხმარება ვინმე, ჭეშმარიტი ქველმოქმედებით (დღეს ხომ ქარია და არავინაა ახლომახლო, ვისაც თავს მოაჩვენებს მავანი). აი, გამოიარა ახოვანმა ყმაწვილმა სახელად, "ლითონის სახსარი", მდუმარედ ჩაუგდო "12 პურის ფული" გახუნებულ კალთაში და დამწუხრებული, სალოცავად წავიდა. ფული მადლიერების გრძნობით გატკიცინდა... "ხავსის სიხარულმა" ნაცნობ (ნაცნობი იმიტომაა რომ, სათადარიგო სამსახურში ერთად მუშაობენ) ხაბაზ "წაგრძელებულ კისერთან" შეიარა და 12 პური იყიდა, თავისი სამი შეუბუნტყლავი, პირდაღებული, ობოლი, ბარტყ-შვილიშვილისთვის. დღეს საღამოს, ობოლი შაშვები დანაყრებულ და სიამოვნებით სავსე მიწაზე იცხოვრებენ. -რა ხდება "წაგრძელებულ კისერთან"? -"12 პურის ფული" სამწუხაროდ ბოროტ გადასახადის ამკრეფ, "რაჯა ლურსმანს" მისცა, (მერე კი თავის სათადარიგო სამსახურში წავიდა, სადაც სამედიცინო კოლბებს და ათას უბედურებას ამზადებენ), რომელიც მეორე დილით "12 პურის ფულს" თავის რეციდივისტ შვილს, "ბარაბა სინანულს" მისცემს. ის, დღეს საღამოს, "ანდერძის წვეულებაზე", თავისი ლამაზი ოცნების "ლურჯი მანკიერების" რჩეულს მოწამლავს, (რომელიც, მკვდარი ხელს ვეღარ შეუშლის). საწამლავი კი "12 პურის ფულით" ექიმბაშ "შეცდომა დაუშვებელიასთან" იყიდა, მან ასევე იყიდა "ვნების ამშლელი ფხვნილი", რათა "ლურჯ მანკიერებას" კაცი შუაღამისას მოუნდეს, (მაშინ კი "ბარაბა სინანული" მის საწოლ ოთახში აღმოჩნდება.)მან კიდევ იყიდა, "ვიაგრა", თავისთვის... ჩაუყარა ღვინოში საწამლავი თავის მტერს და "ლურჯ მანკიერებას" -"ვნების ამშლელი ფხვნილი"... "ანდერძის წვეულება" დამთავრდა, "ბარაბა სინანულს" თავი ქუდში აქვს, "ვიაგრა" დალია და "ლურჯი მანკიერების" სახლისკენ წავიდა, სუროს ააცოცდა და ორმა რამემ მიანიშნა რომ, "შეცდომა დაუშვებელიამ" შეცდომა დაუშვა (პირველად და უკანასკნელად, რატომ და რატომ ვერავინ გაიგო): ჯერ ერთი, ფანჯარაში დაინახა თუ როგორ იხლართებოდნენ ერთმანეთში, თავისი მეტოქის და "ლურჯი მანკიერების" ხორბლისფერი სხეულები და მეორე - მას თავბრუ დაეხვა და ჩავარდნამდე მხოლოდ ის მოასწრო რომ, მეტოქისთვის მამამისის ერთი ღერი თმა-ლურსმანი ესროლა, რომელიც, სასიხარულოდ, მკლავის სახსარში მოხვდა განცხრომაში მყოფ ალფონსს, თვითონ კი ძირს ჩავარდა და გახეთქილი თავიდან მკვდარი, მოწამლული სისხლი წამოუვიდა. 
"აია-სოფიას" წინაც მათხოვრობენ (არაო, მაგრამ ეგრეა). დღეს ქარია და ერთი მოხუცი ქალი მათხოვრობს მხოლოდ, სახელად, "ხავსის სიხარული". "ხავსის სიხარულმა" კარგად იცის რომ, მხოლოდ დღეს დაეხმარება ვინმე ჭეშმარიტი ქველმოქმედებით (დღეს ხომ ქარია და არავინაა ახლომახლო, ვისაც თავს მოაჩვენებს მავანი). აი, გამოიარა ახოვანმა ყმაწვილმა სახელად, "ლითონის სახსარი", მდუმარედ ჩაუგდო "12 პურის ფული" გახუნებულ კალთაში და დამწუხრებული სალოცავად წავიდა. (15 წუთი დარჩენოდა თავისუფალი, უკან კი, წინა ღამის შედეგი მოსდევდა, გაბრაზებული და ცოფიანი ამალითურთ. ჯვარი უნდა დაეწერ(ებინები)ათ.)....




რეინკარნაცია ანუ ალტერნატიული დეჟავუ

51 პროცენტიანი მხიარულება როჯერის ცხოვრების შემადგენელი, დიდი ნაწილია (შესაბამისად მცირე ადგილი უჭირავს მის ტვინში).
51 პროცენტიანი მხიარულება მაიკის ცხოვრების შემადგენელი, მცირე ნაწილია (შესაბამისად დიდი ადგილი უჭირავს მის ტვინში).
როჯერი კაშკაშა ცხოვრებით ცხოვრობს (შესაბამისად მეტი თავდაჯერებულობა აქვს).
მაიკი ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს (შესაბამისად არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს).
როჯერის და მაიკის გზები ჯესიკას უკანალზე გადაიკვეთა, რომელიც ის-ის იყო შემოვიდა "ORANGE" ბარში...
ჯესიკა მოდელია სახელად: 90-60-90 (მაგრამ აქ ჯესიკა, მხოლოდ თვალით შეუმჩნევლის ინდიკატორია).
ღამე: კოქტეილი, რაღაც-რუღაცეების ამშლელი დისკო, "ექსტაზი" და განწყობა მშვენიერია.
როჯერი გულისაუჩქარებლად მიდის ჯესიკასთან და ცეკვას სთავაზობს...
იცეკვებენ.
მოწყინდებათ.
გაიყრებიან, მაგრამ როჯერს ჯესიკა მოსწონს, "რაღაცატო".
მაიკი დაბნეული, გულაჩქარებული მიდის ჯესიკასთან და ცეკვას სთხოვს (თან ხელებს მალავს, რომელიც ყოველთვის ზედმეტი ჰგონია. საცოდავს).......
იცეკვებენ (მაიკი ჯახირობს, მაგრამ ჯესიკა ამ ნაკლს, მოქნილად ფარავს).
მოწყინდებათ.
გაიყრებიან, მაგრამ ჯესიკას მაიკი მოსწონს, "რაღაცატო".
არა. მაიკს თავისთავად მოსწონს ჯესიკა, მაგრამ ისე უცემს გული ასეთ რაღაცეებს შეუჩვეველს, რომ ეხლა არ მოსწონს. ეხლა ურჩევნია ამ ყველაფერს თავი დააღწიოს... მაგრამ მოიც. მას რაღაცა კარნახობს რომ, ვისკი გამბედაობას მისცემს და უხერხულობას წაართმევს...დალია ბლომად და კარგადაა...ჯესიკა გამუდმებით უყურებს და თვალს უკრავს...
როჯერი კი ჯესიკას უყურებს, რომელიც მაიკს თვალს უკრავს,
ბრაზდება და გეგმებს აწყობს...
ჯესიკა მაიკთან მივა და ხელს მოკიდებს,
მერე კარებს გააღებს,
მერე სახლის გზას დაუყვება, ერეგირებულ მაიკთან ერთად,
რომელიც მაწანწალა ძაღლს ფეხს ურტყამს და ეს ლამაზად გამოსდის.
მხოლოდ ერთი, ჩაბნელებული, ვიწრო შუკა დარჩა ჯესიკას სახლამდე და...
სიბნელიდან როჯერი გამოდის,
ზუსტად იმ მაწანწალა ძაღლს მან ზუსტად ისევე ამოარტყა წიხლი (რა დააშავა საცოდავმა პირუტყვმა?)როგორც მაიკმა,
ამ დროს ჯესიკა დაფეთებულია, მაგრამ მისი ტვინის რომელიღაცა ავტონომიურმა ნაწილმა გააცნობიერა რომ, მაიკი უკეთ იქნევს ფეხს, შესაბამისად არჩევანი სწორია...
როჯერი მაიკს ესვრის,
ალუმინის ღილებზე სისხლი საინტერესოდ ალითონცურდა.
ჯესიკას ხმა ჩაუწყდა, მაგრამ იმ საღამოს მაინც დაწვება როჯერთან.
მაიკს კი, 2-3 კაცი გადაუვლის და ყურადღებას არ მიაქცევს,
მე-4 ან მე-5 დალტონიკი გამოივლის და ის შეამჩნევს მიცვალებულს...
როჯერის მამა მორგში მუშაობს.
დილით, ყავის სმისას, ნაბახუსევ შვილს მიესალმება და გვამებთან წავა...
ის იქ მკვდარ შვილს ნახავს, მაგრამ არ დაიჯერებს.
ის ხომ ახლახან სახლში იყო...
-ან კი ვინ დაიჯერებდა, რომ როჯერმა ანუ მაიკმა, საკუთარი თავი- მაიკი ანუ როჯერი მოკლა?...
-არავინ.
მაგრამ, ფაქტი ფაქტია..


 ***
"მე სიზმრად ვნახე გაზაფხულის მილიონ ყვავილს
ვუჭვრეტდი ბრმად და უნეტარესს, უებრო შვებას
მივდევდი ბრმად და სინატიფემ აღაგზნო სული.
ცის თვალებით კი დავინახე: გულს გრძნობა კვებავს
გამოჩნდა შორეთს გადაეკრა ბურუსი, ჟანგი.
ბობოქარ ზღვამ დალეწა ოდეზღაც მთელი გემი
ნუთუ ძმებს შორის შეიძლება რომ მოხდეს ჯანყი,
ნუთუ არ ძალმიძს ნეტარება ვიპოვო ჩემი?
მე გეძებ შენ
და ისევ გეძებ
ბუნების სახედ მე მომწონს მახე
დაგებული შენგან!
მზე შენ ხარ
და ოკეანე ალმასის სულის!
ავფრინდი ცაში,
ყმაწვილობის დაისმის კითხვა
და გამორჩენა უთვალავში საკუთარ თავის.
ეგოიზმია და შეგრძნება რომ უკვდავი ხარ
სიბილას ფურცლებს ნუ გაატან უბრალო ტრფობას!
ღვთიური ძალა თუ გაქვს, მაშინ შენც ღვთიური ხარ!
იქნებ გაწყდა კონკრეტიზაციის კლანჭთა ბადე,
მე იქნებ უცხო სივრცეებში მომინდა ფრენა?
თუმც ხელმოცარულ ცხვარს სჯობია ასეთი მგელი
იგი არ ითმენს მელასავით არ უწევს ღრენა.
ოცნების მარწუხს გავეშორე, ვთავისუფლდები,
იქნებ, ბორკილებდადებული ულმობი ხუნდი
გაწყდა და გაქრა
ოცნებამ რა ქნა?
იქნება მანაც მოისხა ფრთები!