22 апр. 2010 г.

პოლ გოგენი: ,,მიცვალებულთა სულებიც ფხიზლობენ”

,,...შენ უკვე ყველა დიდი ადამიანივით მიუწვდომელი ხარ და ხელოვნების ცოცხალ ისტორიას ეკუთვნი” - დანიელ დე მონფრედი.


პოლ გოგენი: (1848-1903)


არაჩვეულებრივი, რა თქმა უნდა, არაფერია იმაში, რომ თავის არცთუ ხანგრძლივი ორმოცდათხუტმეტი წლის ცხოვრების მანძილზე პოლ გოგენმა საოცრად დიდი წინააღმდეგობები გადალახა და საკმაოდ ბევრის თქმაც მოასწრო. ხელოვნების ისტორია არაერთ ისეთ მხატვრასაც იცნობს, მასთან შედარებით რომ გაცილებით მცირე ხნით უცხოვრია, სირთულეებიც ხშირად დაუძლევია და უფრო მეტის შექმნაც მოუსწრია. მაგრამ ხელოვნებაში ფენომენალურის სახელის დამკვიდრებისათვის მთავარია არა რიცხობრივი რაოდენობა სიძნელეთა გადატანისა და პროდუქტიულობისა, არამედ ის, თუ რა ესთეტიკური ღირებულებისაა, რისი შექმნაც მოასწრო მხატვარმა, რას წარმოადგენს თავად, როგორც პიროვნება და როგორც შემოქმედი.





პოლ გოგენი - ეს სახელი კი სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა მხატვრისგან, რომ იგი არაჩვეულებრივია როგორც პიროვნება, როგორც მხატვარი.

ახლობლებისათვის იგი ,,რკინის კაცად” იყო ცნობილი, რომელიც თავის მტკიცე ნებისყოფას და შეუდრეკელ ხასიათს თანაზომიერად უთავსებდა ნახევრად ველური ადამიანის შეუპოვრობასაც და ბავშვურ გულუბრყვილობასაც, მას, მართლაც რომ არაჩვეულებრივი დიდი შინაგანი მღელვარებითა და ტიტანური თავშეკავებით შეეძლო სრულიად მშვიდი იერით შეხვედროდა, როგორც სასოწარკვეთილ მწუხარებას, ისე თავბრუდამხვევ სასიხარულო ცნობასაც.

სხვა ვინ შესძლებდა, თუ არა ეს ,,რკინის კაცი” (რომელსაც თურმე ძარღვებში პერუელთა სამეფო გვარეულობის სისხლი უჩქეფდა და რომ ის უკუღმართი დრო არა, შეიძლებოდა ერთ- ერთი ყველაზე მდიდარი მემკვიდრეც გამხდარიყო), სწორედ მაშინ, როცა საბირჟო საქმიანობაში მოპოვებული წარმატებები ფართოდ უხსნიდა გზას კარიერისაკენ, ხელოვნების გულისათვის ყოვლგვარ კეთილდღეობაზე აეღო ხელი და, უკიდეურესი გასაჭირის ჟამს, პარიზის ქუჩებში აფიშების გაკვრა ეკისრა, ან პანამის არხის გათხრაზე აუტანელ პირობებში ლუკმაპურისათვის ემუშავა.
სხვას ვის შეეძლო, თუ არა მას, ყველასათვის მოულოდნელად მოწყვეტოდა ბედნიერ ოჯახურ სიმყუდროვეს, მხოლოდ უკეთესი მომავლის იმედით დაეტოვებინა ცოლი და ხუთი შვილი და დიდი ოკეანის შორეულ კუნძულებზე გადახვეწილიყო, რათა თავისი ახალი, ნოვატორული ხელოვნების კონდენსაცია მოეხდინა.
სხვა ალბათ ვერც გაბედავდა სააშკარაოზე გამოეტანა თუნდაც სახელოვანი ადამიანისაგან მიღებული შეურაცხმყოფელი კრიტიკული წერილი. მან კი, ტაიტზე მეორედ გამგზავრების წინ (1895), ასეთი წერილი რომ მიიღო იმჟამად პარიზში მყოფ შვედი მწერლის - ავგუსტ სტრინდბერგისაგან (1849-1912), რომელიც დაუფარავად და, რამდენადმე, ირონიულადაც მიმართავდა: ,,თქვენს შემოქმედებას ვერაფერი გავუგე და ვერც დადებითად შევაფასებ (მე არაფერს მეუბნება თქვენი ნამოღვაწარი, რომელიც მხოლოდ ახლა ტაიტანური გახდა), მაგრამ მე ვიცი, ეს ჩემი პირდაპირ ნათქვამი თქვენ არც განგაცვიფრებთ და ვერც გაწყენინებთ, რადგან სხვათა სიძულვილი თითქოს გაკაჟებთ კიდეც და თქვენი თავისუფლებისმოყვარე ბუნებისათვის ზედგამოჭრილია ამგვარი არაკეთილგანწყობილება... თქვენ შექმენით ახალი მიწა და ახალი ზეცა, მაგრამ მე მყუდროდ ვერ ვგრძნობ თავს თქვენ მიერ შექმნილ სამყაროში. ჩემთვის, მწუხრის მაღმერთებლისთვის, იგი მეტისმეტად მზენათელია. და თანაც თქვენს ედემში ცხოვრობს ევა, რომელიც სულაც ვერ პასუხობს ჩემს იდეალს. დიახ-დიახ, წარმოიდგინეთ მეცა მაქვს ქალების იდეალი.”

გოგენს ეს წერილი არ დაუმალავს, პირიქით, იგი მთლიანად გამოაქვეყნა წინასიტყვაობის სახით თავისი სურათების კატალოგში და ამით ერთხელ კიდევ ნათელყო, როცა საკითხი ეხება გულახდილ მსჯავრს, მაშინ მის ,,თავისუფლებისმოყვარე ბუნებას” სულაც ვერ აკნინებს ,,წვრილმან წყენათა მძაფრი სირცხვილი”. პირიქით, სტრინდბერგის თქმისა არ იყოს, უფრო ,,აკაჟებს” და ასეთივე გულახდილი პასუხისთვისაც გაბედულად ამზადებს მას. და პასუხიც იქვე მიაგება: ,,მივიღე თქვნი წერილი, წერილი, რომელიც ჩემს კატალოგს წაემძღვარება. ამ წინასიტყვაობის მოთხოვნის იდეა მე მაშინ გამიჩნდა, როცა ჩემს სახელოსნოში გნახეთ და თქვენი ჩრდილოეთური ცისფერი თვალები ჩემი სურათისკენ იყო მიპყრობილი. მე მაშინვე ვიგრძენი თქვენი აღშფოთება - თქვენი ცივილიზაციის შეჯახება ჩემს ბარბაროსობასთან.
ეს ცივილიზაცია თქვენ გტანჯავთ; ჩემი ბარბაროსობა კი მე მაახალგაზრდავებს.
თქვენი ცივილიზებული ევა თქვენც და ყველა ჩვენთაგანს ქალთმოძულეებად გვაქცევს: ჩემი პირველყოფილი ევა კი, ასე რომ შეგაშინათ ჩემს სახელოსნოში, ოდესმე შესძლებს უფრო გულთბილი გრძნობები აღგიძრათ... ჩვენს თვალწინ მის სიშიშვლესაც გამართლება აქვს. თქვენი ევა ასეთივე ბუნებრივ მდგომარეობაში უსირცხვილო ქალად წარმოჩნდებოდა, და თუ ლამაზია კიდეც, მაშინ ის უბედურებისა და ბოროტების წყაროც იქნება”.

გოგენის ყოველი შედევრი, რაოდენ სიმბოლისტური გააზრებითა და აბსტრაქტული-ფანტასტიკურობი

თაც უნდა გამოირჩეოდეს იგი, არსებითად რეალურ საფუძველზეა შექმნილი და ხელოვნების ობიექტური შეფასებისათვის აუცილებელ სამივე კითხვაზე (,,რა”, ,,როგორ”, ,,რისთვის”) კონკრეტული პასუხის გაცემის შესაძლებლობასაც იძლევა. და რამდენადაც სამივე კითხვას ერთ თავის შედევრთან (,,მიცვალებულთა სულნი ფხიზლობენ”) დაკავშირებით, სრულყოფილად პასუხობს თვითონ გოგენი:



,,მიცვალებულთა სულებიც ფხიზლობენ”
,,ერთხელ პაპეეტში წავედი.
ტეხურას (რატომღაც ტეხა ამანას რუსულ და ქართულ თარგმანებში ტეხურად იხსნიებენ - გ.ბ.) შევპირდი საღამოსვე დავბრუნდები მეთქი, მაგრამ ნახევარ გზაზე ცალცხენა ოთხთვალა გაფუჭდა და იძულებული გავხდი დანარჩენი მანძილი ფეხით გამევლო. ღამის პირველი საათი იყო, როცა სახლამდე მივაღწიე.
კარები შევაღე თუ არა, გულისფანცქალით შევნიშნე, რომ სინათლე ჩამქრალი იყო...
სწრაფად გავკარი ასანთი და დავინახე...
საწოლზე პირქვე დამხობილი, გაშეშებული, შიშველი ტეხურა შიშისაგან თვალებგაფართოებული შემომყურებდა და თითქოს ვეღარ მცნობდა. რამდენიმე წამს თვითონაც გაოგნებული ვიდექი. ტეხურას შიში მეც გადმომედო. მომეჩვენა, თითქოს მისი უძრავი თვალებიდან ფოსფორული სინათლე იღვრებოდა. არასოდეს მინახავს მე იგი ასე მომაჯადოებლად ლამაზი...”
,,მე მინდოდა იგი სწორედ ასეთი ამესახა ტილოზე... მის სახეს, რამდენადმე, შიშნარევი გამომეტყველება შევუნარჩუნე. საჭირო იყო მეჩვენებინა ამ შიშის მიზეზი ან ამეხსნა იგი თვით ტაიტელი ქალიშვილის ხასიათით. ტრადიციულად აქ ხალხს ძალიან ეშინია მიცვალებულთა აჩრდილებისა. მე მისი შიში უნდა ამეხსნა ლიტერატურული საშუალებების მინიმალური გამოყენებით, ისევე, როგორც ეს წარსულში იცდონენ ხოლმე. ამისთვის რომ მიმეღწია, ბნელი, მწუხარე, მშფოთვარე საერთო ჰარმონია შევქმენი თვალისათვის სამგლოვიარო ზარის ხმასავით ჟღერადი: იისფერი, მუქ-ლურჯით, ნარინჯისფერი-ყვითლით. ზეწარს მომწვანო-ყვითელი ფერი მივეცი... იმიტომ რომ ყვითელი, შეერთებული ნარინჯისფერ-ყვითელთან და ლურჯთან სრულყოფს მუსიკალურ ჰარმონიას”...
გოგენის ამ შესანიშნავ პასუხში ყურადღებას იპყრობს აგრეთვე მისი დიდი დაინტერესება ფერწერაში დეკორატიულ-მუსიკალური ჟღერადობის საკითხით. და მართლაც, გოგენის ფერწერული ტილოები მომხიბვლელ სანახაობასთან ერთად მუსიკალურადაც საუკეთესო მოსასმენია. ცხადია, ეს ბევრადაა დამოკიდებული მაყურებლის სმენის უნარზეც, მაგრამ ნორმალური ყურისათვის შეუძლებელია ნათელი მოსასმენი არ იყოს გოგენის ტილოების მელოდია, რომელიც რაველის მუსიკის (,,ბოლერო”) ადეკვატურადაც კი არის მიჩნეული.


ნაწყვეტი გივი ბარამიძის წიგნიდან ,,მზე ოქროს ჩარჩოში.”

Комментариев нет:

Отправить комментарий