ატენის მომხატველი ოსტატის შემოქმედებაში ზომიერებისა და ჰარმონიის გრძნობა ორგანულად ერწყმის შუა საუკუნეთა ხელოვნებისათვის დამახასიათებელ პირობითობას და რეალური ფორმის გარკვეულ დეფორმაციას, ამას მოწმობს აგრეთვე ადამიანის ფიგურის პროპორციები და ხატვის მანერა. ატენის ფიგურების პროპორციათა თითქმის კლასიკური სისწორე დარღვეულია კიდურების - ფეხის ტერფებისა და ხელის მტევნების რამდენადე გადიდებით. ეს დეფორმაცია შემთხვევითი როდია. ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ფორმის ხაზგასმული დეფორმაცია და დაძაბული ხაზოვანი რიტმი შინაგანი ექსპრესიის გამოვლენის ერთადერთი საშუალება იყო. ატენის მხატვრობაში დეფორმაცია თავდაჭერილად ვლინდება, რაც ფიგურების მდგრადობას, ,,წონადობას” და ჟესტების გამომსახველობით შთაბეჭდილებას აძლიერებს. ამ მხრივ საგულისხმოა მთავარანგელოზ გაბრიელის გამოსახულება ხარების სცენაში. მიუხედავად იმისა, რომ მთავარანგელოზის ფიგურა განყენებულ თეთრ ფონზე არის განფენილი, თანაც მიწის ზოლის აღუნიშნავად, მისი ნაბიჯი მძლავრია და მტკიცე, ხოლო მოძრაობას მისი დიდმტევნიანი ხელისა, რომლის ხაზები შორს გადადგმული ფეხის, ჰიმატიონის აფრიალებული კალთისა და ფართოდ გაშლილი ფრთების ნახატითაა გაძლიერებული, ჭეშმარიტი ექსპრესია მსჭვალავს. ფიგურის სილუეტისა და კადრის ზუსტად მიგნებული თანაფარდობა ასევე ხელს უწყობს მისი მონუმენტურობის, მდგრადობისა და დინამიკურობის შთაბეჭდილებას. ასე გარდაქმნის მხატვრულ სახედ პროპორციების, ნახატისა და კომპოზიციის ხასიათი. მსგავსადვე შთამბეჭდავია რიტმული განმეორებებით გაძლიერებული მოძრაობა მარიამისა და ელისაბედის (ტაბ.3) ხელების მოძრაობა ან მოგვთა გაწვდილი ხელებისა (ტაბ.4) თუმცა მთლიანად ეს ლირიკული სცენა უფრო მშვიდსა და სათუთ ხაზოვან რიტმშია გადაწყვეტილი.
მოგვები (ტაბ.4)
გამოყენებული ლიტერატურა:
,,ატენის სიონის მოხატულობა” (ალბომი) - თინათინ ვირსალაძე.
,,ქართული ხელოვნების ისტორია” - შალვა ამირანაშვილი.
რეპროდუქციები დამზადებულია საქ. ხელოვნ. ფიქსაციის სპეცექსპერიმენტულ ლაბორატორიაში
Комментариев нет:
Отправить комментарий