4 мая 2011 г.

ჯემალ ქარჩხაძე: ,,იგი” (პირველი ნაწილი)


პრეისტორიული მოთხრობა
- როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება.
ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი აუვიდა, როგორც შიშველ მთას აუვა ხოლმე, როცა შიგნიდან ცეცხლის ენა ამოიმართება და ცა ფერფლის ღრუბლით დაიფარება.
შეშფოთებამ იგის თავიდან ფეხებამდე დაუარა.
ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.
იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი გაჩნდა.
ოღონდ ისე არა, ცის ძახილი ცეცხლად რომ გაიკლაკნება და მყისვე გაქრება.
არა.
მიწა რომ გაიბზარება და ნაპრალი აღარასოდეს ამოივსება, ისე.
ირგვლივ დუმილი იდგა.
თანამოძმეებს თვალები გაფართოვებოდათ და იგის ესცქეროდნენ.
მაშინ იგი კიდევ უფრო გაიმართა, თავი უკან გადაიგდო და შორეული მთების სიმაღლეს მიაბჯინა მზერა. მთების დიდმა სიმშვიდემ შეშფოთება ნელ-ნელა გამოდევნა სხეულიდან. ცხელი ხიფათის სუნიც გაილია.
იგიმ მთების სიმაღლეს მადლობა შეუთვალა.
თანამოძმეთა გაფართოებული თვალები ერთმანეთში შეცურდნენ.
იგის ახლა ერთი ვეებერთელა თვალი მოსჩერებოდა ყოველი მხრიდან.
ირგვლივ დუმილი იყო და მოლოდინის მძაფრი სუნი იდგა.
იგიმ ბელადს შეხედა.
ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. გრძელი ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. შუბლი ვიწრო და ბრტყელი ჰქონდა, კბილებიმრისხანედ დაკრეჭილი.
მორიგეობით ინაცვლებდა ფეხებს და ადგილზე ირწეოდა.
ასეთი ბელადის დანახვაზე ძლიერი ნადირებიც კი დამფრთხალი გარბოდნენ.
დიდი დაძინების ქარაფზე ის ადის, ვისი დაბადებაც არარავის ახსოვს, ვისაც მკლავებში და მუხლებში სიძაბუნის გემო ჩაუდგა, ვისაც აღარც კეტის ტრიალი შეუძლია და აღარც ნადირის დევნა.
დაბინდებისას ბელადი მთელ ტომს შეყრის და იტყვის.
ხოლო ცაზე რომ დღის თვალი ამოცურდება და სიბნელეს სინათლით გაფანტავს, კაცები აღმართს შეუდგებიან. წინ ის მიდის, ვინც ქარაფიდან უნდა გადაეშვას. უკან დანარჩენები მიჰყვებიან. ქარაფის შუა წელთან, იქ, სადაც ბოლო ხე დგას, დანარჩენები შეჩერდებიან და მარტო ის განაგრძობს გზას. მიდის, მიდის, მიდის. მწვერვალს რომ მიაღწევს, მოიხედავს. თუ მანამდე არ მოიხედა, მწვერვალთან მაინც მოიხედავს. და ამ დროს სახეზე ცოცხლად შეპყრობილი ნადისრის ფერი ადევს. მერე ისევ შეტრიალდება, მოიკუნტება, შეიკუმშება, დაპატარავდება, თვალებდახუჭული (იგიმ არ იცის, თვალებდახუჭული თუ გახელილი, მაგრამ ახლა, როცა თვითონ მიუყვება დიდი დაძინების ციცაბო აღმართს, რატომღაც ჰგონია, რომ თვალებდახუჭული) გადააბიჯებს და მისი კივილი დიდი დაძინების ხახაში ჩაიკარგება.
თანამოძმეები კეტებს მაღლა შემართავენ, გამარჯვების ყიჟინას დასცემენ და გამოქვაბულში დაბრუნდებიან.
ის აღარ დაბრუნდება.
იგიმ არ იცის, რატომ არასოდეს იღვიძებს დიდი დაძინებით დაძინებული, მაგრამ იცის, რომ არ იღვიძებს, რაკი უკან დაბრუნებული არავინ უნახავს.
აქამდე ასე იყო.
და ბელადი...
კიდევ დამარცხებული ბელადი ადის დიდი დაძინების ქარაფზე.
დამარცხებულ ბელადს არც მკლავში უდგას სიძაბუნის გემო და არც მუხლებში. კეტის მოქნევაც შეუძლია და ნადირის დევნაც.
მაგრამ მაინც ადის დიდი დაძინების ქარაფზე.
რატომ ადისო, არავინ კითხულობს.
ალბათ ჰგონიათ, რომ რაც არის, ის მუდამ იყო.
(თავიდან იგისაც ასე ეგონა, მაგრამ ახლა, როცა მრავალი გაკვირვება უკვე ცოდნად ექცა, მიხვდა, რომ მუდამ არაფერი ყოფილა, ყველაფერი ოდესღაც გაჩნდა, და უხმოდ იკითხა თავის სხეულში: “რატომ ადის დამარცხებული ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე?”)
იმიტომ რომ დამარცხებული ბელადი მაინც ბელადია, მაგრამ რაკი დამარცხდა, ბელადი აღარაა. ხოლო როცა ბელადია და თანაც ბელადი აღარაა, ეტყობა რაღაც ირღვევა, რისი დარღვევაც არ შეიძლება. Aმიტომ ადის...
ადრე, უცხო სიტყვები რომ შემოესეოდნენ და იგი მათს ასხმასა და დალაგებას შეუდგებოდა, გაურკვეველი სიმძიმე სხეულში ტკივილად ეღვრებოდა, თვალები ეხუჭებოდა და ძილი ერეოდა.
ახლა ასეთი რამ აღარ ემართება. ახლა უცნობ სიტყვებს იოლად და სწრაფად ალაგებს. სიტყვები გამწკრივდებიან და ისე მიუყვებიან მათთვის მიჩენილ გზას, როგორც ნადირი მიუყვება გაკვალულ ბილიკს წყაროსაკენ.
ესეც იმის ბრალია, ალბათ, წელში რომ გაიმართა...
პირველად იმ დღეს შენიშნა, რა დღესაც ძველი ბელადი დიდი დაძინების ქარაფზე ავიდა.
... როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მქრქალი თვალი გაახილა, კაცები დაბრუნდნენ. ბედმა გაუღიმათ და მარჯვედ ინადირეს.
წინ ბელადი მოდიოდა. კეტი მხარზე ჰქონდა გადებული. დანარჩენები უკან მოჰყვებოდნენ და ვეებერთელა ნადირი მოჰქონდათ.
ქალები და ბავშვები ჟივილ-ხივილით გამოეგებნენ და ნანადირევის დანახვაზე თვალებში შიმშილის ფერი ჩაუდგათ.
ბელადი გამოქვაბულში შევიდა. სახეზე, როგორც ყოველთვის, სიმშვიდისა და სითბოს სუნი ასდიოდა. მისთვის განკუთვნილ ქვას მიაშურა, დაჯდა, კეტი გვერდით მოიდო და ხელები მუხლებზე დაიწყო.
ამასობაში დანარჩენებიც შემოვიდნენ, ნანადირევი შუა გამოქვაბულში დადეს და ძველი მონადირეები ხორცის განაწილებას შეუდგნენ.
როგორც წესია, წამახული ქვებით ჯერ თავი წააცალეს მოკლულ ნადირს, ბელადს მიუტანეს და ფერხთით დაუდეს.
იგი მერე დიდხანს ცდილობდა გაეხსენებინა, რა ადგილას იდგა ამ დროს ბელადის შვილი, მაგრამ ვერ გაიხსენა, რადგან მაშინ სტომაქში შიმშილი დაფუსფუსებდა და ირგვლივ ხორცის მეტს ვერაფერს ხედავდა.
ასე იყო თუ ისე, ბელადმა რომ ხელები გაიწოდა თავისი წილის ასაღებად, შვილი თვალის დახამხამებაში მასთან გაჩნდა, ცალი ფეხი ნადირის თავს დააბიჯა და გადმოკარკლული თვალები მამას მიაპყრო. მხარზე გადებული კეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა, შავი ფაფარი მხრებზე სცემდა, კბილები დაეკრიჭა და სახეზე გაავებული ნადირის სუნი ასდიოდა.
გამოქვაბულში გაკვირვების ღმუილი გაისმა.
მერე ღმუილმა გადაიარა და ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
ბელადის სახეს სითბოს სუნი ისე გადაეცალა, როგორც ტყეს გადაეცლება ბურუსი, ქარი რომ დაუბერავს. იგის მოეჩვენა, თითქოს სიმშვიდის სუნმაც იწყო გადაცლა, მაგრამ ამ დროს ბელადმა თვალები ნელა მოხუჭა და სიმშვიდის სუნი დარჩა. გაწვდილი ხელები უკანვე წაიღო, ისევ მუხლებზე დაიწყო და თვალები გაახილა. ერთხანს გაუნძრევლად იჯდა და შვილის ფეხს უყურებდა, რომელიც ნადირის თავზე იდგა. მერე ნელა ააყოლა თვალი. სახეს რომ მიწვდა, კვლავ გაშეშდა. უყურა. შვილის ავი სუნი მამის სიმშვიდის სუნს ებრძოდა. გმოქვაბულში დაძაბული დუმილი იდგა. იგის ტყუილად ეგონა, ბელადის სახეზე თეთრი შიში გადაირბენსო; ბელადი მისჩერებოდა შვილს ჩასისხლიანებულ, გადმოკარკლულ თვალებში და მის სახეს რამდენჯერმე მიუახლოვდა და ისევ მოშორდა სითბოს სუნი. ბოლოს შვილს თვალი მოარიდა, ხელკეტს დასწვდა და წამოდგა.
ძველმა მონადირეებმა ნანადირევი გვერდზე გასწიეს და მამა-შვილს გამოქვაბულის შუაში დაუთმეს ადგილი.
შეიბნენ.
შვილი ღონიერი იყო და ბრძოლა მალე დასრულდა. მამა ძირს დასცა, ხელკეტი ააცალა, თავის ხელკეტთან ერთად მაღლა შემართა და დამარცხებულ მეტოქეს ძლევამოსილი ყიჟინით რამდენჯერმე ირგვლივ შემოურბინა. მერე წავიდა და მამის ადგილას დაჯდა საბელადო ქვაზე. ნადირის თავი აიღო, ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა და მკერდზე მიიკრა. ეჭირა ასე და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
დამარცხებული ბელადი ნელა წამოდგა და გვერდზე გადგა. სახეზე კი მაინც ასდიოდა სიმშვიდის მსუბუქი სუნი.
იგის უკვირდა.
ძველმა მონადირეებმა ნანადირევი კვლავ შუა გამოქვაბულში გამოათრიეს და განაწილება განაგრძეს...
როდესაც შიშველი მთის თავზე ცამ თვალი გაახილა, კაცები დიდი დაძინების ქარაფს შეუყვნენ.
ყველაზე წინ ძველი ბელადი მიაბიჯებდა. მარტო, უხელკეტოდ. ცოტა მოშორებით ახალი ბელადი მიჰყვებოდა. ახალ ბელადს დანარჩენები მისდევდნენ უკან.
იგიც.
ცის თვალს ქვემოდან ღრუბლები აეფარნენ. ქვეყანაზე წვიმა მოვიდა.
წვიმის ნესტიანი სუნი რომ იგრძნო, იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა.
ნი ლამაზი იყო.
ქარაფის შუა წელთან, იქ, სადაც ბოლო ხე იდგა, ახალი ბელადი შეჩერდა. დანარჩენებიც წამოეწივნენ და შეჩერდნენ. ყველა სველი იყო.
მხოლოდ ძველი ბელადი მიდიოდა.
იგი ზურგს ხედავდა და, ნეტა ახლაც თუ ასდის სახეზე სიმშვიდის სუნიო, უხმოდ კითხულობდა თავის სხეულში.
ძველი ბელადი ნელა მიაბიჯებდა. უკან არ იხედებოდა.
ბოლოს მოიხედავსო, თავის სხეულში ამბობდა იგი. ჯერ არავინ ასულა დიდი დაძინების ქარაფზე ისე, რომ უკან არ მოეხედა.
იდგნენ თავით ფეხებამდე სველები და უყურებდნენ.
ძველი ბელადი მიდიოდა, ხოლო უკან, ატალახებულ მიწაზე, მისი ღრმა კვალი რჩებოდა. ჩაზნექილი, ამოზნექილი, ისევ ჩაზნექილი და ბოლოში თითების ანაბეჭდი, ერთმანეთზე მიტყუპებული და ერთმანეთისაგან მაინც გამოყოფილი. ფეხს რომ ასწევდა, სანამ ხელახლა დადგამდა, ნაფეხურში წყალი დგებოდა.
ზურგზე, ბეჭებშუა, წვიმის წვეთები ერთად იყრიდნენ თავს და ნაკადულივით მოედინებოდნენ ქვემოთ. თმიდანაც წვეთები ჩამოსდიოდა.
ქარაფის წვერს რომ მიაღწია, იგიმ თავის სხეულში თქვა, ახლა სეჩერდება და მოიხედავსო.
ამის თქმა ძლივს მოასწრო, რომ ძველმა ბელადმა ნაბიჯი გადადგა ქარაფის წვერიდან და გაქრა.
არც მოუხედავს, არც დაუყვირია.
ახალმა ბელადმა კი დაიყვირა.
ხელკეტი მაღლა შემართა, დიდი ხმით დაიყვირა და ხტუნვა დაიწყო, დანარჩენებიც აყვნენ.
იგიც.
(იგის მერე უკვირდა)
ახალმა ბელადმა ყვირილი და ხტუნვა მოათავა, ხელკეტი ისევ მხარზე გაიდო და თავდაღმართს დაუყვა. დანარჩენებიც აედევნენ.
მარტო ძველი ბელადი დარჩა სადღაც.
ისე წვიმდა, ცა კი არა, ღრუბლებიც აღარ ჩანდა.
ძველ ბელადს არც მოუხედავს და არც დაუყვირია. კვალი კი დატოვა.
იგის სხეულში გაკვირვება აწრიალდა.
კვალი ხომ ძველი ბელადის ფეხისა იყო. როგორღა დარჩა? თუკი ბელადის ფეხი ბელადთან ერთად გაქრა, როტომ კვალი არ გაქრა ფეხთან ერთად? ნუთუ კაცი რომ დიდი დაძინებით იძინებს, მთლად არ ქრება?
იგიმ ნაბიჯი შეანელა. კაცებს ჩამორჩა, თმიდან და სახიდან წვიმის წვეთები ორივე ხელით ჩამოიწურა და უკან მიიხედა. ნაფეხურები უნდოდა დაენახა.
ქარაფის წვერზე თეთრი ნისლი იწვა, მეტი არაფერი ჩანდა.
იგი უკანვე მოტრიალდა.
კაცების დაწინაურებული ჯგუფი უცნაურად შემჭიდროვებულიყო, შეკრულიყო და ერთიანი გორგალივით მიგორავდა თავდაღმართში.
იგი ისე მიაჩერდა გორგალს, თითქოს რაღაც უცხო ჯიშის ნადირს წაწყდომოდეს.
ფეხს აუჩქარა. ჭამოეწია.
ერთიანი გორგალი კვლავ ცალ-ცალკე კაცებად იქცა.
ზოგი მეტად იყო მოხრილი, ზოგი ნაკლებად. მაგრამ ყველანი მოხრილები იყვნენ. შუბლები მიწისათვის მიეშვირათ, გრძელი ხელები უსიცოცხლოდ ქანაობდნენ.
წინ ბელადი მიდიოდა.
ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა.
იგის უცებ სახეზე ალმურის სუნი აუვიდა და მუცელში ცხელმა გემომ დაუარა.
იგი ისეთი არ იყო, როგორიც იყვნენ სხვები!
გამართული იდგა. შუბლი შორეული მთის წვერისთვის მიეშვირა.
ცხელი გემო კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა მუცელში. ტანზე ცივმა შიშმა გადაურბინა და ბალანი აუჯაგრა.
და მარტოობის შემაშფოთებელი სუნი ეცა.
კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, - უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. – იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორიც არიან სხვები.
მაშინ მას მარტოობა აღარ ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს”.
იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი მშვენივრად იყვნენ მოხრილები. “იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი მათი თანამოძმეა”, - თავის სხეულში თქვა იგიმ.
მაგრამ ოდნავ მოიხარა თუ არა, ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა ტკივილი.
იგიმ შეჰყვირა და გაიმართა.
ყვირილზე კაცებმა მოიხედეს. მოტრიალებით არ მოტრიალებულან; შედგნენ და მარტო თავები მოაბრუნეს.
იგის ბევრი სახე უყურებდა.
მერე ბელადმა ხმადაბლა დაიღრინა და გზა განაგრძო.
დანარჩენებიც მიჰყვნენ.
ხოლო იგი თავის სხეულში კიდევ დიდხანს ხედავდა მისკენ მობრუნებულ სახეებს. სახეები ისე მოსჩერებოდნენ, თითქოს არასოდეს ენახოთ.
საღამოს, როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მკრთალი თვალი გაახილა, იგის სხეულში წუხილმა დაიდო ბინა.
წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი.
იგი წრიალებდა და ვერ ისვენებდა. თუ ფეხზე იდგა, დაჯდომა უნდოდა; თუ იჯდა, ფეხზე დგომა უნდოდა; თუ მიდიოდა, გაჩერება უნდოდა; გაჩერებული თუ იყო, წასვლა უნდოდა; საცა იყო, იქ ყოფნა არ უნდოდა; იქ უნდოდა, საცა არ იყო. მაგრამ როგორც კი მივიდოდა იქ, საცა არ იყო, უკვე იქ იყო, საცა იყო, და იქ ყოფნა აღარ უნდოდა.
ძალიან ცუდად ექცეოდა წუხილი იგის.
ხანდახან სხეულში ბელადი გაჩნდებოდა და მკაფიოდ ესმოდა მისი ხმადაბალი ღრენა. მაშინ წუხილი ისეთი იყო, დამშეული ნადირი რომ ძვალს ღრღნიდეს.
იმ ღამეს იგიმ ვერ იქნა და ვერ დაიძინა, იწვა თვალდახუჭული და უყურებდა, როგორ დაძვრებოდა სხეულში წუხილი.
დანარჩენებს ყველას ეძინა. მიმოფენილიყვნენ ბნელ გამოქვაბულში კაცები და ქალები, დიდები და პატარები.
ნისაც სძინავს.” – თავის სხეულში თქვა იგიმ.
წუხილი უცებ სადღაც დაიმალა, მაგრამ მალევე გამოჩნდა. იგის გაუკვირდა, წუხილი რომ დაიმალა, მერე კიდევ თქვა: “ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ცა.”
წუხილი კვლავ დაიმალა და იგი მიხვდა, რომ ნის გახსენება ებრძოდა წუხილს.
ნი, ნი, ნი, ნი...” – იმეორებდა იგი. შეშინებული წუხილი უგზოუკვლოდ დაიკარგა და იგი ერთხანს მოსვენებით იწვა. მაგრამ წუხილი ნელ-ნელა შეეჩვია ნის გახსენებას და ისევ შემოიპარა სხეულში. Aხლა იგი სულ ტყუილად იმეორებდა: “ნი, ნი, ნი...” წუხილი ძველებურად თავის ნებაზე დათარეშობდა. მერე ძვალს მიაგნო სხეულში და ღრღნა დაუწყო.
მეტის მოთმენა აღარ შეეძლო იგის. სადღაც უნდა წასულიყო, რაღაც უნდა ექნა.
წამოდგა, სიბნელეს თვალი შეაჩვია; ფეხაკრეფით დაიძრა გასასვლელისაკენ. ფრთხილად მიიწევდა, რომ ძირს დაფენილი თანამოძმეებისათვის ფეხი არ დაედგა. როგორც იქნა, მიაღწია გასასვლელს და გავიდა.
თყის მხრიდან ნიავი უბერავდა და ტყის მწვანე სუნი მოჰქონდა.
იგი შეჩერდა, სახე ნიავს მიუშვირა, ტყის მწვანე სუნი ღრმად შეისუნთქა. მწვანე სუნმა რაღაც შემოიტანა სხეულში, რაც სიხარულის გემოს ჰგავდა. წუხილი შეკრთა და ძვალს პირი გაუშვა. მერე მიხვდა, რომ საშიში არაფერი იყო, და ისევ დაუწყო ღრღნა.
იგი ტყისკენ წავიდა. რბილ ბალახზე მიაბიჯებდა. თვალები ვერ ხედავდნენ ბალახს, მაგრამ ფეხიგულები ხედავდნენ.
ტყეში შევიდა. მწვანე სუნში ჩაეფლო.
თავიდან კარგი იყო. მერე წუხილმა მწვანე სუნიც წუხილად აქცია. მართალია, ძვალს აღარ ღრღნიდა, მაგრამ სხეულში დაძვრებოდა და, საცა გაივლიდა, ისეთ გემოს ტოვებდა, იღლიას რომ სველი ფოთოლი გამოედოს და ტანში ჟრჟოლამ დაუაროს.
ვერც ტყეში მოისვენა.
მაშინ ზღვის პირას გავიდა და ზღვის სველ სიმშვიდეში შეაბიჯა. სიგრილე ეამა. წუხილი მცირე ხნით მიყუჩდა. მერე კვლავ გაიკლაკნა და ამოძრავდა. …
ზღვის სიგრილეც წუხილად იქცა.
წუხილი ავი იყო.
ბოლოს იგი იქვე პატარა გამოქვაბულში შევიდა.
გამოქვაბულში ჩუმად იწვა სიბნელე და ეძინა.
იგი ისეთი უნდა გახდეს, როგორიც არიან სხვები. მაშინ იგი მარტო აღარ იქნება და წუხილიც თავს დაანებებს”.
იგიმ სცადა მოხრილიყო. ტკივილი დილანდელივით ჩააფრინდა ზურგში. იგიმ დაიკვნესა და გაიმართა.
ცოტა ხნის შემდეგ კიდევ სცადა. მერე კიდევ სცადა.
ტკივილი ყვიროდა.
იგი ებრძოდა ტკივილს, მაგრამ ტკივილი ძლიერი იყო.
იგის მაინც ტკივილი ურჩევნია წუხილს”. – თავის სხეულში თქვა იგიმ და კვლავ მოიხარა.
ტკივილი იცოდა რაც იყო.
ტკივილი ისაა, ბრძოლის დროს რომ ნადირი კბილს გაჰკრავს და ფეხიდან წითელი სისხლი გამოუვა. ტკივილი ავია, მაგრამ დიდხანს არ ჩერდება სხეულში. ნაკბენი ადგილი კარგად უნდა გაილოკოს და დანერწყვოს. ტკივილს შეეშინდება და გაეცლება.
წუხილი კი ვერაფრით ვერ შეაშინა იგიმ. წუხილი არხეინად იჯდა სხეულში და ნადირივით ღრღნიდაძვლებს.
ამიტომ ერჩივნა ტკივილი.
მოიხრებოდა იგი, იყო ასე, სანამ ტკივილს გაუძლებდა, მერე გაიმართებოდა, ცოტას შეისვენებდა და ისევ მოიხრებოდა.
როცა შიშველი მთის თავზე დღის თვალი გამოჩნდა, იგი დიდ გამოქვაბულში დაბრუნდა და დანარჩენ კაცებთან ერთად სანადიროდ წავიდა.
მარტოობა ისეთი ყოფილა, მონადირეს რომ შეპყრობილი ნადირი გაექცეს და უიმედოდ გააყოლოს თვალი.
როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას; სხვებთან როცა იყო, მაშინ გრძნობდა.
კაცები ისე უყურებდნენ, როგორც უცხო რამ სულიერს და მის გვერდით ყოფნას ერიდებოდნენ. ბელადს კბილები ავად უელავდა და თვალებში მრისხანება ედგა.
იგი ყველანაირად ცდილობდა თანამოძმეებს დამსგავსებოდა და მოახლოებული ხიფათი აეცდინა.
როცა ქვეყანაზე შავი სიბნელე ჩამოწვებოდა და ყველანი ძილს მიეცემოდნენ, ფრთხილად დგებოდა, თავის პატარა გამოქვაბულს მიაშურებდა და მანამ ებრძოდა ტკივილს, სანამ ცასა და მიწას შორის ჩაწოლილ ღამეს დღის თვალი ძლიერი სხივებით არ გაფანტავდა.
ტკივილი ჯიუტი იყო და იგის მძიმე ბრძოლის გადახდა დასჭირდა. მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა, ტკივილი დაამარცხა და ისეთი გახდა, როგორიც არიან სხვები. დადგა დღე, როცა სანადიროდ მიმავალი იგი სხვებისაგან აღარაფრით გამოირჩეოდა. მოხრილი იყო, ხელები კოჭებამდე დასთრევდა, შუბლი მიწისთვის მიეშვირა. მართალია, ზურგში ჯერ კიდევ კბენდა ტკივილი, მაგრამ ეს პატარა ტკივილი იყო, ტკივილის შვილი, რომელსაც არც სიავე ჰქონდა, არც ძალა და არც ბასრი კბილები.
იგის ახლა ისე უყურებდნენ, როგორც თავისიანს. აღარავინ გაურბოდა, აღარავინ ერიდებოდა. ბელადის თვალებშიც გაქრა მრისხანება.
იგი მაინც დადიოდა თავის გამოქვაბულში და ტკივილის შვილს ებრძოდა.
როცა ტკივილი საბოლოოდ გაქრა, უხმოდ თქვა თავის სხეულში:
"ახლა იგის შეუძლია დიდ გამოქვაბულში დარჩეს და დაიძინოს".
იგი დიდ გამოქვაბულში იწვა, ხელები თავქვეშ ამოეწყო, თვალები დაეხუჭა და ძილს ელოდებოდა.
სხვებს უკვე ეძინათ.
საცა იყო იგისაც ცაეძინებოდა. იგი ფაფუკ ბურანში იყო გახვეული და ძილი ჩუმად, ფეხახრეფით მოდიოდა მისკენ.
სწორედ ამ დროს, სად იყო, სად არა, წუხილი გამოჩნდა.
წუხილი შმაგი ნადირივით წამოვიდა, უჩუმრად მომავალ ძილს გადაასწრო, ფაფუკი ბურანი გაარღვია და იგის სხეულში შეუძვრა.
თან მარტოობის გემო შეიტანა.
იგი გამოფხიზლდა. გაკვირვებული გაინაბა, სუნთქვა შეიკრა, ყური მიუგდო წუხილს.
წუხილი სხეულში დაძვრებოდა.
მაშინ იგი ფრთხილად წამოჯდა.
"რა უნდა წუხილს იგისაგან? - უზმოდ ჰკითხა იგიმ წუხილს. - იგი ხომ უკვე ისეთია, როგორიც არიან სხვები?"
წუხილმა არაფერი უპასუხა, ძვალს მიაგნო სხეულში და ღრღნა დაუწყო.
იგის სიბრაზის ფერი დაედო.
"თავი დაანებოს წუხილმა იგის!" - უხმოდ დაუყვირა იგიმ წუხილს.
ისევ დაწვა, თვალები დახუჭა, ცდილობდა წუხილისათვის ყურადღება არ მიექცია და ძილს დადარაჯებოდა.
მაგრამ ძილი აღარ მოდიოდა.
წუხილი არ უშვებდა ახლო ძილს.
იგი ხან გულაღმა დაწვა, ხან პირქვე, ხან ერთ გვერდზე, ხან მეორეზე.
არაფერი გამოუვიდა. ძილს ეშინოდა წუხილის და მოსვლას ვერ ბედავდა.
"არ მოვა ძილი, სანამ იგი წუხილს არ მოიშორებს", უხმოდ თქვა იგიმ.
წამოჯდა. ფეხები შემოიკეცა, მკლავები შემოაჭდო, ნიკაპი მუხლებს შუა ჩაიდო.
წუხილი ძვალს ჩაფრენოდა და ხარბად ღრღნიდა.
იგის ვერარაფერი გაეგო. განა იმისთვის არ იწვალა ამდენი, რომ წუხილის ნება შეესრულებინა და ისეთი გამხდარიყო, როგორიც არიან სხვები? განა ამას არ მოითხოვდა წუხილი მისგან? მაშ რაღად დაბრუნდა? რაღას მოითხოვს?
იგის ვერაფერი გაეგო. ახლა მარტო ის იცოდა, რომ ვერ მოისვენებდა, ვერ დაიძინებდა. იქ უნდოდა ყოFნა, საცა არ იყო, და თუმცა ძველი გამოცდილება აფრთხილებდა, როგორც კი იგი "იქ" მივა, მაშინვე, "სხვაგან" ყოფნა მოუნდებაო, მაინც არ შეეძლო წუხილის ნებას არ დაჰყოლოდა.
იგი წამოდგა, ნაჩვევი სიფრთხილით გადააბიჯა თანამოძმეებს, გამოქვაბულიდან გავიდა და ტყისკენ გასწია.
ტყე სიბნელით იყო სავსე. იგი მიაბიჯებდა და სველი ბალახი ფეხის გულებს უღიტინებდა. შუაგულ ტყეს რომ მიაღწია, სიბნელეს მკრთალი შუქი შეერია. ხეებს შორის, მიწაზე, აქა-იქ ბალახი აკიაფდა. იგი მიხვდა, რომ ღამის თვალი ღრუბლებს გასცდა და ქვეყანაზე ბრჭყვიალა სხივები მიმოაბნია. სხივები უმთავრესად ხეთა კენწეროებს ეფინებოდა, მაგრამ როცა რომელიმე მათგანი ფოთლებს შუა ხვრელს იპოვიდა, იმ ხვრელს ჩამოყვებოდა და ბალახში აკიაფდებოდა. ეს იგიმ ძველი დაკვირვებით იცოდა.
ახლაც ხის კენწეროებს შუა სხივი შემოპარულიყო და პატარა ბალახს დასცემოდა. იგი ახლო მივიდა. ბალახის პაწაწკინტელა ფოტოლზე მრგვალი წვეთი იდო და ისე ბრჭყვიალებდა, ვითომ თვითონაც ცის თვალი ყოფილიყოს. იგი ჩაცუცქდა და ბალახს ზემოდან ხელი დააფარა. სხივი ახლა ხელს სცემდა. მაშინ ამ ხელს მეორე ხელი დააფარა. სხივმა მეორე ხელზე გადაინაცვლა. მეორე ხელს სახით გადაეფარა. სხივი აღარ ჩანდა. იგიმ იცოდა, რომ სხივი არ გამქრალა, სადღაც მის თმებში ბრჭყვიალებდა. მართლაც, თავი რომ გადასწია, ქვედაზე გადაინაცვლა; ქვედაც გადასწია და მრგვალი წვეთი წეღანდელივით აბრჭყვიალდა ბალახის ფოთოლზე.
იგი წამოდგა და გზა განაგრძო.
სანამ სხივთან თამაშით იყო გართული, წუხილს, როგორც ჩანს ჩასძინებოდა; ან არადა, შეშინებული მიკუნჭულიყო სადღაც კუთხეში. ახლა, რაკი იგიმ გზა განაგრძო, საფარიდან გამოვიდა და ძვალს დაუწყო ძებნა.
ტყე გაილია და ზღვა გამოჩნდა.
იგიმ გვერდზე გაუხვია; თავის გამოქვაბულს მიაშურა. გამოქვაბულში რომ შევიდა, მაშინ კი გაუკვირდა და თავის სხეულში თქვა: "ნეტა რისთვის მოვიდა აქ იგი?" მართალია, ძველი წუხილი სწორედ აქ დაამარცხა, მაგრამ მაშინ იცოდა, რომ წუხილის დასამარცხებლად წელში უნდა მოხრილიყო და სხვებს დამსგავსებოდა, რადგან მაშინ წუხილს მარტოობა ერქვა.
ეხლანდელ წუხილს რა ერქვა, იგიმ არ იცოდა.
ქვაზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა. წუხილი მოუსვენრად წრიალებდა სხეულში და ისე უღიტინებდა, ერთ ადგილას გაჩერება შეუძლებელი იყო.
წამოდგა. სიარული დაიწყო. ჩქარი ნაბიჯით დადიოდა გამოქვაბულში. იარა და იარა. მაინც ვერ მოისვენა. მაშინ გარეთ გავიდა და ზღვისკენ გასწია.
დიდხანს იარა ზღვისპირას. მერე ტყეში შევიდა. ახლა ტყეში იარა დიდხანს. ვერ იქნა და ვერ მოისვენა. ბოლოს ისევ ზღვისპირას გავიდა. სილაში ჩაჯდა, მუხლები შემოიკეცა და ზედ მკლავები შემოაჭდო.
ზღვა მშვიდად სუნთქავდა, წყალი წამოვიდოდა, ფეხის წვერებს დაუსველებდა და უკანვე ბრუნდებოდა.
წუხილი სხეულში უღიტინებდა და სხეულს აჟრჟოლებდა.
"თქვას მაინც წუხილმა რა უნდა! იგი ყველა სურვილსშეუსრულებს. იმიტომ, რომ იგის მეტი არარ შეუძლია!"
უცებ შორს, სადაც ცა ზღვაში ეშვებოდა, სხივი გამოჩნდა. იგი დააკვირდა და თვალი ააყოლა. სხივი ერთ ადგილას გაწყვეტილი იყო, ზემოთ ისევ ჩანდა. იგიმ უფრო მაღლა ააყოლა თვალი, კიდევ უფრო მაღლა, კიდევ უფრო მაღლა. ზურგში ტკაცანი გაისმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ბოლოს სხივის დედა დაინახა, ღამის თვალი, რომელიც ღრუბელზე იჯდა და იგის უყურებდა. მთელი ცა ბრჭყვიალა კენჭებით იყო მოფენილი.
იგის რაღაცნაირი ხმა აღმოხდა.
ხმა თითქოს ისეთი იყო, როგორიცაა გამარჯვების ყიჟინა, მაგრამ უფრო რბილი და თბილი სუნი ასდიოდა.
და მაშინვე იგრძნო, რომ წელში გამართული იჯდა.
სწრაფად წამოხტა, გაშეშდა და საკუთარ სხეულს მიაყურადა.
წუხილი გამქრალიყო. წუხილს რაღაცის შეშინებოდა. ძვლისთვის პირი გაეშვა და , იგის რომ ხმა აღმოხდა, იმ ხმას გაჰყოლოდა.
იგი იდგა. ცის თვალს შესცქეროდა. და უნებურად კბილები გამოუჩნდა. ოღონდ ისე არა, სხვა დროს რომ გამოსჩენია. სხვა დროს სხვებივით გამოსჩენია: ავი კბილები, ბრძოლის, ხიფათის, სიბრაზის; როცა არავის დაინდობდა, როცა მზად იყო საკუთარი სხეულიც კი ნაფლეთებად ექცია. ახლა იგის კბილებსაც და მთელ სახესაც სითბოს და სიხარულის სუნი ასდიოდა, როგორც იმ ხმას აუვიდა, წეღან რომ აღმოხდა.
იდგა გამართული და ცის თვალს შესცქეროდა. და ცის თვალსაც, შორეულ ბრჭყვიალა კენჭებსაც, ტყესაც და ზღვასაც ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ ხელ-ფეხს.
არაფერი იყო "ცუდი". არაფერი იყო "კარგი" ყველაფერი ისე იყო, რომ ვერც "ცუდი" დააკლებდა რამეს და ვერც "კარგი" შეჰმატებდა.
მერე საკვურველი სითბო, რომელსაც ზღვა გამოსცემდა, ცა, ცის თვალით მკრთალად განათებული ქედები, ტყე და ყველაფერი, რაც ირგვლივ ჩანდა, ყოველი მხრიდან შემოვიდა იგის სხეულში. იგიმ უნებურად თვალები დახუჭა და იგრძნო, რომ ისე იყო, თითქოს სულაც არ ყოფილიყო.
ხოლო როცა შორეული ქედები, ზღვა, ტყე, ცა და ცის ბრჭყვიალა კენჭები ისევ გაიკრიფნენ იგის სხეულიდან და თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ, იგის ტანზე გაკვირვების მსუბუქი სუნი აუვიდა.
თავში უცხო და გაუგებარი სიტყვების კორიანტელი ედგა.
მართალია, უცხო სიტყვების წყობისად დალაგებას კარგა ხანია მიეჩვია, მაგრამ ამჯერად, რაც ქვეყანაზე სიტყვაა, ეტყობა ყველა ერთად ალაპარაკდა. ყაყანებდნენ სიტყვები, აქეთ-იქით აწყდებოდნენ, იმსხვრეოდნენ და ნამსხვრევები უწესრიგოდ ირეოდნენ ერთმანეთში. იგის თავი ისე იყო, პატარა გამოქვაბულში რომ დიდი ტომი დაბანაკდეს, ყველა ვერ დაეტიოს და არც არავინ გავიდეს.
სიტყვებსაც გაკვირვების სუნი ასდიოდა.
"რა მისდის იგის?" - უხმოდ იკითხა იგიმ და თავი მძლავრად გადაიქნია.
წეღან იგი ისე იყო, თითქოს სულაც არ არისო. ამავე დროს არაფერი არ არსებობდა ირგვლივ ისეთი, რაც იგი არ ყოფილიყოს. რა მოხდა? სად გაქრა იგი? ან როგორ დაიშალა და როგორ შეერია ყველაფერს? რისგანაა, რომ იგი ცას უყურებდა და ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ტყე იგი იყო?
ან წუხილი რაღა იქნა? რამ დააფრთხო? ნუთუ იმან, რომ იგი წელში გაიმართა? აკი ამას წინათ სწორედ იმიტომ შეუძვრა სხეულში, რომ წელში გამართული დაინახა!
"უკვირს იგის!" - თავის სხეულში თქვა იგიმ.
(ახლა, როცა დიდი დაძინების ქარაფს მიუყვება, ყველაფერი ეს იცის. მაშინ კი, ის, რაც ახლა ცოდნაა, მხოლოდ გაკვირვება იყო).
იგიმ კვლავ რამდენჯერმე გაიქნია თავი, რათა უცნობი სიტყვები გამოერეკა. მერე პეშვით წყალი აიღო, სახეზე სეისხა, მოტრიალდა და აღმართს აუყვა. ტყეში რომ შევიდა, სხეულში ის ბალახი გაუჩნდა, ზედ რომ ღამის თვალი მრგვალ წვეთს აბრჭყვიალებდა, და ძებნა დაუწყო, მაგრამ ვერ იპოვა. ღამის თვალს თავისი სხივები წაეღო და სხვაგან წასულიყო.
იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა და გაქრა.
ნი ძალიან კარგი იყო.
იგიმ გზა განაგრძო, ტყე გადაიარა, დიდ გამოქვაბულში ფეხაკრეფით შევიდა, ფრთხილად გადააბიჯა მძინარე თანამოძმეებს და თავის ადგილას დაწვა. ხელები თავქვეშ ამოიწყო, თვალები დახუჭა.
თანამოძმეები კარგები იყვნენ.
ბელადიც კარგი იყო...
იგის ჩაეძინა.
როდესაც დილით, სანადიროდ წასვლისას, იგის დანახვაზე ბელადმა ხმადაბლა ჩაიღრინა და მისმა დიდრონმა თეთრმა კბილებმა დღის თვალის შუქზე ავად გაიელვა, იგის გაახსენდა, რომ წინა ღამეს ბელადი კარგი იყო, და არც ბალანი აჯაგვრია და არც შიში აწრიალებია სხეულში.
თანამოძმეებმა ისე შეხედეს, თითქოს იგი იგი არ ყოფილიყო, თითქოს იგი სულაც არ არსებობდა. ვისაც კი გვერდით ამოუდგა, ყველა სასწრაფოდ გაეცალა. ზედ არავინ უყურებდა.
მხოლოდ პატარა ზუ, რომელიც დღეს პირველად წაიყვანეს სანადიროდ, დროდადრო გამოაპარებდა ხოლმე თვალს, მაგრამ, წააწყდებოდა თუ არა იგის მზერას, მაშინვე შეტრიალდებოდა და დანარჩენ მონადირეებში მიიმალებოდა.
ტანი რაღაცას უგრძნობდა იგის. რას უგრძნობდა, ვერ გაეგო.
მთელი დღე ამაოდ იწანწალეს და საღამოს ხელცარიელი დაბრუნდნენ უკან.
უხმოდ მიდიოდნენ.
ბელადი კიდევ უფრო მოხრილი ჩანდა. ისე იყო შეკუმშული, თითქოს ნადირის სუნი იკრა და ნახტომისათვის მოემზადაო.
გამოქვაბულს რომ მიუახლოვდნენ, პატარა ზუმ ბილიკიდან გადაუხვია. მონადირეებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. არც იგის მიუქცევია ყურადღება, ალბათ მუცელში შიმშილი აუწრიალდა და საჭმელს ეძებსო, თავის სხეულში თქვა. მართლაც პატარა ზუ გაბარდნილ ბუჩქს მიადგა და მის წვრილ, შავ ნაყოფს ჭამა დაუწყო.ცოტა გზა რომ გაიარა, იგის სხეულში პატარა ზუ გაჩნდა, რომელიც ფეხაკრეფით გადადიოდა ბილიკიდან და თან ცალი თვალი ეჭირა თანამოძმეებისაკენ, თითქოს რაღაცის ეშინიაო.
"ვის ემალება პატარა ზუ?" - თავის სხეულში იკითხა იგიმ და სწრაფად მიიხედა.
პატარა ზუ გაშეშებული იდგა ბუჩქის ძირას, კეტი ორივე ხელით ჩაებღუჯა და თვალებგაფართოებული მისჩერებოდა იგის. როგორც კი იგიმ მიიხედა, სახეზე დამფრთხალი ნადირის ფერმა გადაურბინა, ბუჩქისკენ შეტრიალდა და ფაცხაფუცხით დაიწყო ნაყოფის კრეფა და ჭამა.
იგი მობრუნდა და გზა განაგრზო. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, წეღანდელივით სწრაფად მოიხედა. პატარა ზუ მისკენ აღარ იყურებოდა, შავი ნაყოფის ჭამით იყო გართული.
ქალები და ბავშვები ხმამაღალი ღრიანცელით გამოეგებნენ მონადირეებს, მაგრამ, ხელცარიელები რომ დაინახეს, უცბადვე დადუმდნენ, სახეზე შეშფოთების ფერი დაედოთ და ბელადს მიაჩერდნენ. Bელადს ხმა არ ამოუღია, არც ნაბიჯი შეუნელებია. მაშინ ქალები და ბავშვები მიიწ-მოიწიენ. ბელადსა და დანარჩენ მონადირეებს გზა დაუთმეს და, როცა კაცები გამოქვაბულში შევიდნენ, მახლობელ ტყეში მიმოიფანტნენ.
ბელადი საბელადო ქვაზე დაჯდა, კეტი ფეხებთან დაიდო. დაჯდა ასე, ხელები კოჭებში ჩაევლო, შუბლი მიწისათვის მიეშვირა. იჯდა უხმოდ და ოდნავ ირწეოდა.
დანარჩენებიც დასხდნენ.
იგიმ გამოქვაბულის შორეულ კუთხეში მოიკალათა. ახლა, როცა შიმშილი ბელადს ბელადობას ედავებოდა, იგის ერჩივნა მოშორებით ყოფილიყო და მისი გამართული სხეული თვალში არავის მოხვედროდა. რომელიღაც გაუგებარი სიტყვა კარნახობდა, ასე მოიქცეს იგიო, თორემ შიშით არ ეშინოდა. არც შიში და არც შეშფოთება იმ დღეს იგის არ გაკარებია. შიმშილიც კი ისე უჩუმრად დასრიალებდა მის სხეულში, რომ ძლივს ამჩნევდა. ეგ იყო მხოლოდ, ტანი უგრძნობდა რაღაცას და უცნობი სიტყვა ურჩევდა, შორს იყოს იგი და თვალში ნურავის შეეჩხირებაო.
ამასობაში ქალები და ბავშვები დაბრუნდნენ და ნაირნაირი ნაყოფი და ფესვები მოიტანეს. ნაყოფი და ფესვები დაძინებით ვერ დააძინებდა შიმშილს, მაგრამ ცოტათი მაინც დააშოშმინა.
გამოქვაბულის ცივი დუმილი ხრამუნმა დაარღვია. ყველანი ჭამდნენ, მარტო ბელადი იჯდა უძრავად. ბელადს პირი არაფრისთვის დაუკარებია.
იგიმაც მალე მიატოვა ჭამა; ცოტაოდენი ფესვები გაღეჭა და თავი მიანება.
გამოქვაბულში ხრამუნი და ქშენა ისმოდა.
უცებ იგიმ იგრძნო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. ერთი კი შეკრთა ოდნავ, მაგრამ არ შერხეულა. გატრუნულმა მიუგდო ყური. მერე ოდნავ, სულ ოდნავ მიაბრუნა თავი იმ მხარეს და ცალი თვალი გააპარა

Комментариев нет:

Отправить комментарий