ზუ იყო. ზუ იჯდა, პირი გამოტენილი ჰქონდა, ორივე ლოყა გამობერილი, მაგრამ დაღეჭვა და გადაყლაპვა თითქოს დავიწყებოდა. თვალებგაფართოებული მისჩერებოდა იგის.
"ზუს რაღაც უნდა". - თავის სხეულში თქვა იგიმ და სწრაფად მიტრიალდა ზუსკენ.
ზუმ მაშინვე აარიდა თვალი და გამალებით აამუშავა ყბა.
ღამით იგის სხეულში გუშინდელი იგი გაჩნდა, რომელიც ცას უყურებდა და ხედავდა, რომ ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ხედავდა, რომ ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ხედავდა, რომ ტყე იგი იყო.
მთელ სხეულში თბილმა, ძალიან კარგმა გემომ დაუარა და გაეღვიძა.
ნის სუნი რომ მოუვიდოდა, მაშინ დაუვლიდა ხოლმე სხეულში ასეთი გემო.
დილით ბელადმა კეტი მაღლა შემართა და, როცა ყველანი გაჩუმდნენ, თქვა.
- იგი არ წავა სანადიროდ.
იგის სხეულში გაკვირვება შეკრთა. გაკვირვებას უცხო სუნი ასდიოდა.
მონადირეებს ყრუ და გაუგებარი ხმა აღმოხდათ. მერე ისევ გაჩუმდნენ და ბელადს მიაჩერდნენ. ყველანი ბელადს უყურებდნენ. მარტო ზუ უყურებდა იგის. ზუ სადღაც უკან იდგა და იგი ვერ ხედავდა მას, მაგრამ ბეჭები უგრძნობდა, რომ ზუ უყურებდა.
როცა სხეულში გაკვირვება გაჩუმდა, იგიმ თქვა:
- იგი ქალი არ არის. იგი ბავშვი არ არის. რატომ არ წავა იგი სანადიროდ?
ბელადმა ქვემოდან ამოხედა იგის, მერე ისევ მიწას დააშტერდა. ყველანი დუმდნენ. ბელადი იდგა, მიწას მისჩერებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, კაცი რომ დიდ ქვას დაეჭიდოს და ვერ ასწიოს.
იგი მიხვდა, რომ ბელადს თქმა უნდოდა და სიტყვებს წყობისად ვერ ალაგებდა. ბოლოს, დიდი დუმილის შემდეგ, მაინც თქვა:
- იგი თუ წავა სანადიროდ, მონადირეები შიმშილს ინადირებენ. - აქ ისევ გაჩუმდა. მერე თვალი მიწას მოსწყვიტა, იგის ახედა, თეთრი კბილები ავად დაკრიჭა, კეტი მიწას დაჰკრა. - იგი არ წავა სანადიროდ!
მონადირეებმა უკან დაიხიეს და ბელადსა და იგის გამოქვაბულის შუაში ადგილი დაუთმეს. იგის თავში სიტყვები ჩნდებოდა და წყობისად ლაგდებოდა. ან უნდა შებმოდა ბელადს, ან უნდა გასცლოდა.
ბელადი ძლიერი იყო.
იგი გაეცალა. შეტრიალდა, მონადირეებს გასცდა. ქალებისა და ბავშვების ავ მზერას წააწყდა და, ნეტა ნი სად არისო, სხეულში იკითხა.
ბეჭები ზუს მზერას გრძნობდა. მერე ზუს მზერა მოშორდა ბეჭებს და იგი მიხვდა, რომ მონადირეები წავიდნენ.
ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, ვისაც ნადირობა შეეძლო, ყველა დადიოდა სანადიროდ. ვისაც არ შეეძლო, ის დიდი დაძინების ქარაფზე აჰყავდათ.
იგი ხის ძირას იჯდა, ზურგითა და კეფით ხის ტანს ეყრდნობოდა და ცას შეჰყურებდა. თავში სიტყვები ისე მიედინებოდა, როგორც ნადირთა ჯოგი მიდის წყაროზე, ხოლო სხეულში ხან ბელადი ჩნდებოდა, ხან ზუ, ხან სხვები. ბელადი იღრინებოდა იგის სხეულში და მისი თეთრი კბილები ავად ელავდნენ.
რა უნდა ბელადს? რატომ არ წაიყვანა იგი სანადიროდ? ხომ არ ჰგონია, იგის ნადირობა არ შეუძლია? იქნებ ისა ჰგონია, ხელი რომ მოეცარათ და ვერაფერი მოინადირეს, იგის ბრალია?
იგი გაიტრუნა და საკუთარ თავს ყური მიუგდო. ბოლო სიტყვები უკან დაბრუნდნენ და ხელახლა გაიარეს იგის თავში. იქნებ მართლა იგის ბრალია? აქამდე არასოდეს დაბრუნებულან ხელცარიელი...
იგი წამოდგა და ტყისკენ გასწია. ქალებმა, რომლებიც გამოქვაბულის წინ ისხდნენ და თოთო ბავშვებს თავიანთ სხეულს აწოვებდნენ, თვალი გააყოლეს. იგის მათკენ არ მიუხედავს. ნელი ნაბიჯით გასცდა იქაურობას.
ტყეში, ნაკადულთან, სხვა ქალებს წააწყდა. ესენი ნადირის ტყავებს ალბობდნენ წყალში და, რომ ჩაუარა, მათაც გააყოლეს თვალი.
იგი ამ ქალებსაც გასცდა და ნაკადულს ქვემოთ დაუყვა. არც მარტოობას გრძნობდა, არც წუხილს, არც შეშფოთებას, მაგრამ ისე მაინც არ იყო, როგორც იყო ადრე, სანამ ბელადი ქალებთან და ბავშვებთან დატოვებდა. რაღაც გაურკვეველი გემო ჰქონდა სხეულში. რისი გემო იყო, ვერ გაეგო.
იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც ნაკადული ზღვას ერთვოდა, უცებ ნის სუნი ეცა.
თავიდან მყისვე ამოუვარდა ყველა სიტყვა და მხოლოდ სიტყვა "ნი" დარჩა. სხეულიდანაც ყველა სახე ამოუვარდა და იქაც მხოლოდ ნის სახე დარჩა. შეჩერდა. იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა.
ნი გაღმა იყო; გულაღმა იწვა, მკლავები აქეთ-იქით გადაეშალა, თვალები დახუჭული ჰქონდა და მშვიდად სუნთქავდა. მრგვალი მუცელი ნელა ადიოდა და ცადიოდა. იგი შეყოყმანდა, ჯერ გზის გაგრძელება დააპირა, მერე სეტრიალდა და ნაკადულში შეტოპა.
ნიმ თვალი გაახილა, მოიხედა და გვერდზე გადმობრუნდა. მერე წამოჯდა, ხელისგულები თეძოების ორსავე მხარეს მიწას დააყრდნო და მისკენ მომავალ იგის მიაჩერდა.
ის, რაც ნის საამო სუნი იყო, უცებ გაქრა და მის ადგილას მძაფრი და გამაბრუებელი ქალური სუნი გაჩნდა. იგის გააჟრჟოლა და მუცელში სიმხურვალემ დაუარა. ეტყობა, თვითონაც გამოსცა საპასუხო სუნი, რადგან ნიმ ნესტოები დაბერა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა.
იგი რომ მიუახლოვდა, ნი წამოხტა და უკან დაიხია. იგი სეჩერდა. მერე ნაბიჯი წინ წადგა. ნი შეტრიალდა და გაიქცა. იგი დაედევნა. ნიმ ხის ირგვლივ დაიწყო სირბილი, დროდადრო უკან იხედებოდა და ნაბიჯს თანდათან უნელებდა. ბოლოს იგი წამოეწია და ხელები წელზე შემოხვია. ნის სხეული აუკანკალდა, ჩაიჩოქა, მერე გულაღმა დაწვა და თვალები მილულა.
იგიმ მის გვერდით ჩაიმუხლა და ის იყო ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები, რომ უეცრად მძაფრ ქალურ სუნში ნის საკუთარი საამო სუნი შემოიპარა. ნის სუნმა ნელ-ნელა გამოარღვია მძაფრი ქალური სუნი და იგის მუცელში სიმხურვალე გაქრა.
ნი ახლა ისეთი იყო, როგორიც ადრე, როცა იგის სხეულში ჩნდებოდა და თან თბილი სუნი შემოჰქონდა.
იგიმ ხელი ფრთხილად გადაუსვა სახესა და თმაზე და თქვა:
- ნის საკვირველი სუნი ასდის. თბილი და საამო.
ნიმ ოდნავ გაახილა თვალი და იგისკენ მიჩოჩდა.
იგიმ კიდევ თქვა:
- ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ზღვა.
ნიმ ახლა ბოლომდე გაახილა თვალები და გაკვირვებით მიაჩერდა იგის.
ხოლო იგიმ კიდევ თქვა:
- ნის თმა ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი.
ნი სწრაფად წამოჯდა.
- იგის სხვა რამე უნდა?
ნის თვალებში გაკვირვებას ავი ფერი დაკრავდა და ყველა და ყველა სიტყვა, რომლებსაც სითბოს სუნი ასდიოდათ, ერთბაშად ამოუცვივდა იგის თავიდან. ნის საამო სუნი კვლავ მძაფრმა ქალურმა სუნმა შეცვალა და იგი ისე მოიქცა, როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები: ხელები მხრებში მოჰკიდა, დააწვინა და თვითონაც ქშენით დააწვა ზემოდან. ნიმ თვალები ისევ მილულა, მკერდით მკერდზე მიეკრა და ასხმარტალდა. მერე, როცა იგი ისე მოიქცა, როგორც იქცევიან სხვები, ნიმ სხმარტალი შეწყვიტა. ახლა ის უძრავად იწვა, მოშვებული და თვალებდახუჭული.
იგი ფრთხილად მოშორდა ნის სხეულს და წამოჯდა. თავში აღარც ერთი კარგი სიტყვა აღარ ჰქონდა. იჯდა, უკვირდა და ვერ მიმხვდარიყო, რატომ მაინცადამაინც ნი ჩნდებოდა ხოლმე მის სხეულში და არა სხვა ვინმე.
ნიმ თვალი გაახილა.
- აღარ უნდა იგის ნისთან?
იგიმ არ უპასუხა. ადგა და ნაკადულს დაუყვა ქვემოთ. მის სხეულში ისევ ნი იყო, მაგრამ ახლა არ იცოდა კარგი იყო ნი თუ ცუდი, რადგან ნი ისე იყო დამახინჯებული, კაცი რომ გუბეში თავის თავს უყურებდეს და ამ დროს შიგ ქვა ჩავარდეს. იგი ცდილობდა ეს უცნაურად დაშლილი და დარღვეული ნი გაესწორებინა თავის სხეულში, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
დამახინჯებული ნი სხეულში ტკიოდა იგის. ამიტომ გაძევება სცადა.
"გავიდეს ნი იგის სხეულიდან!"
ნი არ გადიოდა. ტანი მოღრეცილი ჰქონდა, სახე უსაშველოდ გაგრძელებული, ნიკაპი გვერდზე გაგდებული, ცალი თვალი შუბლზე აჯდა, მეორე სულ არ ჩანდა, ფეხები შეშუპებული იყო და შუაში გადატეხილი.
ცუდი სანახავი იყო ნი.
"გავიდეს ნი იგის სხეულიდან!"
ნი არ გადიოდა.
მაშინ იგი თვითონ გაჩნდა თავის სხეულში და გამეტებით ჰკრა ხელი ნის. ნი კიდევ უფრო დაირღვა და დაიშალა. იგი მთელი ძალით მიაწვა ნის. ნის ნაწილები სხეულის კუთხეში მიიყუჟა, მაგრამ გასვლით არ გავიდა.
" იგიმ არ იცის სად არის ხვრელი, საიდან უნდა გავიდეს ნი". - მწუხარედ თქვა იგიმ თავის სხეულში და გძა განაგრძო.
სხეულში იგი ებრძოდა ნის და ერეოდა კიდეც, მაგრამ გაძევებით ვერ აძევებდა.
ამასობაში ზღვის სველი სუნი ეცა და ამით მიხვდა, რომ ზღვის პირას გავიდა, თორემ დანახვით ირგვლივ ვერაფერს ხედავდა, რადგან საკუთარ სხეულში იყურებოდა, სადაც იგი ნის ებრძოდა.
თბილ სილაში ჩაიჩოქა.
სხეულში იგი და ნი იბრძოდნენ.
თითს ყაზროდ უსვამდა სილას.
მახინჯი ნი ტკივა სხეულს. მაგრამ მახინჯი ნი არ გამოდის სხეულიდან. რა უცნაური სანახავია! წაგრძელებული სახე, გვერდზე გავარდნილი ნიკაპი, ცალი თვალი შუბლზე...ტანი დაბრეცილი...ფეხები ასე შეშუპებული...შუაში, აი აქ, გატეხილი...
უეცრად მახინჯი ნი გაქრა სხეულიდან და მყისვე იგის ტვალებმა მახინჯი ნი სილაში დაინახეს.
იგის თითქოს რაღაცამ უბიძგაო, ზეზე წამოვარდა. თვალებში შიშისა და გაოცების ფერი ჰქონდა, სხეულში ყრუ ბაგაბუგი ისმოდა.
დამფრთხალმა დაიხია უკან. მერე შეტრიალდა და გაიქცა. თავში სიტყვები ლაპარაკობდნენ, მაგრამ რას ლაპარაკობდნენ, არ ესმოდა.
მერე სიტყვები ნელ-ნელა დალაგდნენ, ბაგაბუგიც ცოტა მიწყნარდა სხეულში და იგიმ ნაბიჯი შეანელა.
იქ, სილაში, მახინჯი ნი წევს. მახინჯი ნი იგის სხეულიდან გამოვიდა და სილაში ცაწვა.
იგიმ ფრთხილად მოიხედა, მაგრამ ნი ვერ დაინახა; სილაში მხოლოდ საკუთარი კვალი ჩანდა.
როგორ გაჩნდა ნი?
უცებ იგის სხეულში იგი შემოვიდა. ეს იგი მუხლებზე იდგა და თითს სილაში უსვამდა. თითის ნაკვალევი ერთმანეთს უერთდებოდა და რაღაცას ემსგავსებოდა.
და იგი მიხვდა!
იგის თითმა გააკეთა სილაში ნი!
იგის ჯრუანტელმა დაუარა სხეულში. თითი ოდნავ ასწია და ზედ დაიხედა. თითი თითი იყო.
იგი შეტრიალდა და უკან წავიდა. ისე მიდიოდა, მძინარე ნადირს რომ წამოეპაროს. მიდიოდა და იქაურობას დაკვირვებით ათვალიერებდა.
ნეტა წავიდა მახინჯი ნი, თუ ისევ სილაში წევს?
ბევრი კი ურბენია აქეთობას.
ეტყობა წასულა," - თავის სხეულში თქვა იგიმ და ამ დროს ნიც გამოჩნდა სილაში.
იგი შედგა. კინაღამ წეღანდელივით შეტრიალდა და გაიქცა. ძლივს შეიკავა თავი. მერე კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ნი იწვა და არ ინძრეოდა, იგიმ კენჭი აიღო და ესროლა, თან გასაქცევად მოემზადა. კენჭი ნის გვერდით დაეცა. ნი არ განძრეულა. იგიმ კიდევ ესროლა კენჭი და დაბრეცილ მკერდში მოარტყა. რაკი ნი არც ამჯერად გაინძრა, გული მოეცა და გაბედულად მიუახლოვდა. აქ ისევ შეჩერდა, დააკვირდა.
- ნი! - დაუძახა და გასაქცევად მოემზადა.
ნის არც მოუხედავს და არც ხმა გაუცია.
"ეს ნი ნამდვილი არ არის, - უხმოდ თქვა მაშინ იგიმ, - ეს ნი ისეთია, როგორიც იგის სხეულში იყო."
ეს კი თქვა იგიმ, მაგრამ კარგახანს მაინც ვერ გაბედა მისვლა. ბოლოს მივიდა, ზემოდან დააცქერდა, მერე ფეხი ფრთხილად ასწია, ოდნავ შეეხო ნის ხელს და მაშინვე მოაშორა, თან ყოველი შემთხვევისათვის უკან დაიხია.
იმ ადგილას, სადაც იგი შეეხო, ნის ხელი სხეულს მოწყდა.
"ეს იგის ფეხის კვალია, - თავის სხეულში თქვა იგიმ, - იგის ფეხის კვალმა ნის ხელი მოსწყვიტა".
იგიმ კვლავ ასწია ფეხი და ნის სახეზე მიუს-მოუსვა.
ნის სახე გაქრა.
მაშინ იგი დაიხარა, ნის სხეულს, ნის ხელებს, ნის ფეხებს თავისი ხელები გადაუსვა ზემოდან.
ნი სულ გაქრა.
"ეს ნი არ იყო, - თავის სხეულში თქვა იგიმ, - ეს ნის კვალი იყო".
ამ სიტყვებს გაკვირვების სუნი აუვიდა.
იგი ფეხს დაადგამს სილას და იქ იგის თითების კვალი რჩება. იგი გაჩაჩხულ ხელს დაადებს სილაზე და იგის თითების კვალი რჩება. ეს მას სემდეგ იცის იგიმ, რაც ერთხელ დიდი დაძინების ქარაფზე ძველი ბელადის ნაფეხურები ნახა.
მაგრამ იგის კვალს იგი ტოვებს. ბელადის კვალს ბელადი ტოვებს. თუკი ნი არ იყო, ნის კვალი როგორღა დარჩა? განა იგის თითი ნი არის, რომ ნის კვალი გააკეთოს?
იგიმ კვლავ დახედა თავის თითს. თითი არაფრით არ ჰგავდა ნის.
იგი ჩაცუცქდა, თითი ფრთხილად დაადო სილას და გაუსვა. სილაზე რაღაც კვალი დარჩა, მაგრამ ეს არ იყო ნი. იქნებ ჯერ არ არის ნი და მერე გახდეს? იგიმ თითის მოსმა განაგრძო. ესვამდა და უსვამდა. სილაში ხაზები იკლაკნებოდნენ, ერთმანეთს კვეთდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ, მაგრამ ნის არ ჰგავდნენ. იგი შეჩერდა, კარგად დააკვირდა თავისი თითის ნამოქმედარს. ხან ამ მხრიდან უყურა, ხან იმ მხრიდან, უცებ ამასწინანდელი ღამე გაახსენდა, როცა აქ იდგა და ირგვლივ ყველაფერი იგი იყო, ცაც იგი იყო, ზღვაც იგი იყო, ტყეც და ქედებიც...ალბათ ზოგჯერ ნიც იგია. ალბათ წეღან იგის თითი მართლა ნი იყო, ამიტომ დატოვა კვალი სილაში.
იგიმ ხაზები საგულდაგულოდ წაშალა, მუხლებზე დადგა და ნი მოიხმო.
"ნი შემოვიდეს იგის სხეულში. ნი შემოვიდეს იგის სხეულში!"
და ნი შემოვიდა იგის სხეულში. ნი წეღანდელივით დარღვეული და მახინჯი იყო.
იგი დაკვირვებით უყურებდა ნის და თითი მსუბუქად დაცურავდა სილაში. თავიდან თითის მოძრაობას ვერ ხედავდა, რადგან მთელი გულისყური სხეულში ჰქონდა. მერე და მერე მოახერხა ისე, რომ ნისაც უყურებდა და თითსაც ადევნებდა თვალს.
ნი ნელ-ნელა ქრებოდა სხეულში და სილაში ჩნდებოდა.
ბოლოს თითი გაჩერდა. ნი სილაში იწვა. მახინჯი, დაბრეცილი, დაშლილი.
იგი იდგა მუხლებზე და სილის ნის დასცქეროდა. სხეული ცარიელი ჰქონდა, თავში სიტყვები არ მოძრაობდნენ.
მერე წელში გასწორდა, შორეულ ქედებს გახედა, თითქოს გაიშალა, გაიზარდა და მთელი სივრცე ამოავსო. ახლა რაც კი იყო ირგვლივ, ყველაფერი გაერთიანდა, ერთ არსად იქცა ყველაფერი. არ არსებობდა ცალკე ზღვა, ცალკე ცა, ცალკე იგი. არსებობდა მხოლოდ ერთი რამ და ეს ერთი რამ იგი იყო, და ეს ერთი რამ ცა იყო, და ეს ერთი რამ ზღვა იყო... ერთი რაღაც გაცხადებულიყო ყველაფერში და ყველაფერი სათითაოდ ეს ერთი რაღაც იყო...
იგი იდგა მუხლებზე და მთელ სივრცეში მხოლოდ თავის თავს ხედავდა.
მერე, როცა გარემოს მოწყდა და ისევ საკუთარ სხეულში მოექცა, დანარჩენი საგნებიც თათვიანთ სხეულში დაბრუნდნენ და ზღვარი, რომელიც მათ ერთმანეთისგან ჰყოფდა, აღდგა. ახლა ზღვა ზღვა იყო, ცა ცა იყო, ტყე ტყე იყო და იგი იგი იყო. ყველაფერი თავის ძველ სახეს დაუბრუნდა; ოღონდ მათ შორის რაღაც იდუმალი კავშირი მაინც დარჩა და ეს კავშირი იგი იყო. იგი უცნაურ წინათგრძნობას შეეპყრო; თითქოს ქვეყნად უამრავი იგი არსებობდა, ოღონდ ზოგ მათგანს ზღვა ჰქონდა სხეულად, ზოგს მთა, ზოგს ცა... და იგის სეეძლო, როცა მოისურვებდა, გადაეხსნა ეს სხეული და მაშინ ქვეყნიერება წეღანდელივით მხოლოდ იგი იქნებოდა, ერთიანი და განუყოფელი იგი, რომელსაც არაფერი არ ექნებოდა სხეულად.
miyvars es nawarmoebi
ОтветитьУдалить