ხოხობის სამშობლო საქართველოა. მდინარე ფაზისის მიხედვით შერქმეული მისი სახელი - ფაზანი უცვლელად მიიღეს ბერძნულმა და ლათინურმა ენებმა. ამ ენებიდან ის შემდეგ გადავიდა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და სხვა ენებში.
პირველი საუკუნის რომაელი პოეტი მარკუს ვალერი მარციალი საქართველოდან სხვა ქვეყნებში გადაფრენილი ხოხბის შესახებ წერდა:
,,ჩემი სახელი მთელს მსოფლიოს გააცნო არგომ,
ადრე სხვა მხარე არ ვიცოდი ფაზისის გარდა”.
ლექსში საუბარია ხოხობზე, რომელიც ოქროს საწმისთან და მედეასთან ერთად არგონავტებს გაუტაცნიათ.
მითს თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, იაპონიის ბინადარ ამ ფრინველსაც კოლხური წარმომავლობა აქვს. მას ერთი ისეთი თვისება ახასიათებს, საქართველოში დედის კულტის განსაკუთრებულობა გვაგონდება. იგი სასიკვდილო საფრთხის დროსაც არ ტოვებს ბარტყებს. იაპონიაში ამ ფრინველს სწორედ ამ თვისების გამო აღმერთებენ.
(შარდენის ქუჩის ხოხბები)
დიდი ხანი არ არის, რაც ძველი თბილისის ერთ უბანში, შარდენის ქუჩის ბოლოში, რესტორან ,,ძველი კოლხეთის” შესასვლელთან, საიდანაც კარგად ჩანს ნარიყალა ,,ქართლის დედით” და მეტეხი გორგასლის ძეგლით, ხოხბები (მართალია, გალიაში) დანავარდობენ. კოლხი ფრინველების შარდენზე გასეირნების იდეის ავტორს, რესტორნის მეპატრონეს, როგორც ჩანს, ხოხბის თბილისური სიმბოლიკის გარდა, მისი წარმომავლობის უპირატესობაც არ ასვენებს: საქართველოს ისტორიაში აიეტისა და მედეას მითი საუუკენეებით უსწრებს გორგასლისეულ მითს.
ჩვენს რესტორნულ ყოფიერებაში როგორც ჩანს, ხოხობი უფრო და უფრო პოპულარულია. ,,ხოხბის ცრემლები” ასე დაერქვა მარანს სიღნაღში, რომელიც არაერთ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს და კახეთში ერთი ამერიკელის კუთვნილებაა.
კომპანია ,,ხოხბის ცრემლები” კი ნატურალურ ღვინოებს აწარმოებს. ყველა ღვინო აქ დაძველებული და დაყენებულია თიხის ჭურჭელში. იგი ფუტკრის ცვილითაა დაფარული და ჩაფლულია მიწაში.
კომპანიის სახელი მომდინარეობს ერთ-ერთი ქართული თქმულებიდან, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ დიდი ძალისხმევით დაყენებულ ღვინოს შეუძლია სიხარულისაგან ხოხბის ატირება.
Комментариев нет:
Отправить комментарий