1 февр. 2010 г.

გრანელი რამოდენიმე სტრიქონით


ტერენტი გრანელი


ექსკურსია ცისკენ


ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

აქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან;
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა
და გაგიჟებას ველოდი ისევ;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

ისევ სიშორის ცეცხლი  მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე;
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ. 



გულიდან სისხლის წვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება. მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლაც ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან, ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.
და მე მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე.
არა სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა:
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.




სიზმარი
თითქოს ვიყავი ათი წლის ბავშვი,
თითქოს ვიყავი ბავშვი - უფალი.
არ ქროდა ქარი და უცხო ბაღში
მე მივდიოდი თავისუფალი.

და ამ დროს უცებ მოვარდა ქარი,
და თითქოს განგებ თავს ვიღუპავდი,
და შემხვდა ვიღაც უცნობი ქალი,
და მე ვიყავი თავისუფალი.

თითქოს მესმოდა ყორნის ჩხავილი,
წინ იშლებოდა გზები უვალი.
ხელში მეკავა თეთრი ყვავილი
და მივდიოდი თავისუფალი.





***
ფიქრიდან ვხედავ შორეულ მიზანს,
სხეული კვდება, გული ვისროლე.
მივდივარ ცისკენ, ვშორდები მიწას
და გასაფრენი ფრთა გავისწორე.

შენ დედამიწავ, საიდან გაჩნდი,
მოვიდა ცრემლი და სასოება.
შორიდან ვხედავ საკუთარ აჩრდილს,
შორიდან ვხედავ უსაზღვროებას.

ამნაირ ტკივილს ვგრძნობდი მე წინათ
(მიმაქვს პოეტის წმინდა ღირსება)
ღმერთო! აქამდე თითქოს მეძინა
და ახლა თითქოს გამაღვიძესა.




 ***
მივდივარ, გზაზე ადის ალმური,
მივდივარ, ელავს შუადღე მშვიდი.
უცებ მომესმა ხმა სალამურის
და უცებ ხიდან აფრინდა ჩიტი.

გაზაფხულია, თუმცა არ მჯერა
და მთაზე ისევ ლურჯი ფერია.
თბილისი ჩნდება  შორს ალმაცერად
და ახლა თითქოს აქ სოფელია.

გაზაფხულია, მივდივარ ნელა
და მიკავია ხელში ეს ია.
მე უარვყავი  მთელი ცხოვრება,
ვიწამე ზეცა და პოეზია.


Комментариев нет:

Отправить комментарий