19 февр. 2010 г.

ქეთი კოკოშაშვილი: ,,სჯობს ვუსმინოთ... ხეებსაც ათოვდა”





თოვლი ამძიმებს დედამიწას, უხმოდ, ჩუმად... თოვლის დროს ყველაფერი უხმაუროა, ყველაფერი დუმს... მხოლოდ მანქანების მიმოსვლა არღვევს ამ თეთრ წყვდიადს... რა საჭიროა ეს მანქანები, ეს ხომ ბუნების ერთიანობაში იჭრება გრიგალივით, ხელოვნური გრიგალივით... ეს ბუნებაში არ შედის... მაშინ რატომ ვაფუჭებთ ბუნებას?
სჯობს ვუსმინოთ... ხეებს ათოვს, აწვება თოვლი ფრთხილად, ნაზად, ნელა... ხე თითქოს ორად გაიყო, ორფეროვანი სიჩუმეა .... ნეტავ  რაზე ფიქრობს ახლა ხე?... ალბათ, უბრალოდ ტკბება თავისი და თავისი მოძმეების სილამაზით... თუმცა, მათ ამახინჯებს ადამიანის მიერ დაბინძურებული გარემო, გახეული პარკები მათ ტოტებზე... უდიდესი სილამაზე ხელშეუხებელ  ბუნებაშია! გიყურებია ოდესმე მზისათვის, როდესაც სადღაც მიეშურები, მიიჩქარი? რა ლამაზია, არა? თუმცა გაივლი ცოტას და მას დაეფარება დიდი, მახინჯი ნაგებობა. მუქი, შავი, უსიცოცხლო, არაფრის მომტანი... და შენ ვეღარ ხედავ მზეს... საშინელი შეგრძნებაა... შუაში გზაა, მას თოვლი არ დევს... გვერდებზე კი ხეებია, დათოვლილი... მიწა თეთრია, მაგრამ მწვანეც შემორჩენილი აქვს, ჯერ ისე არ დაუთოვია... გზაზე ერთი მანქააა გაჩერებული, სანაგვე  ყუთიც კი ჩანს... ხალხი მიმოდის აქეთ იქით... გზაზე გუბეებია... მანქანამ გაიარა და საცოდავი გაწუწული ძაღლი კიდევ უფრო გაწუწა... ამას ხომ არ იზავდა, თუ ის შინაური იქნებოდა? - არა...  ალბათ უფრო ეშინიათ.  და როცა ძაღლი მარტოა და საცოდავია, სულ არ აინტერესებთ, როგორი გამოჩნდებიან პატრონის თვალში, რადგან იგი არ არსებობს. განა ეს მარტო ძაღლზე ხდება ასე? არა, ადამიანი ადამიანს იგივეს უკეთებს, რასაც ამ ძაღლს, თუმცა ცოტათი სხვა ფორმებით... და მაინც რა ლამაზია ბუნება, რაც არ უნდა დაამახინჯო, თვალი მაინც დაინახავს მის სილამაზეს... მაინც მიწვდება. ყველაფერი, სადაც ბუნებაა, ლამაზია... მშვენიერია... რამხელა სევდა დევს ამ თოვაში... ცა ცივი ცრემლებით ტირის, სცივათ პატარა ფრინველებს... ესეც ხომ ძალიან ლამაზია... ბუმბულები აექოჩრებათ და უფრო ფუმფულები ხდებიან. არ გაქვს სურვილი შეეხო მათ,  მოეფერო? მაგრამ ბუნებას ხომ ხელი არ უნდა შეახო, ეს ხომ კანონია. მაგრამ თუ საჭირო გახდება, მისი გადარჩენის მიზნით შევეხებით და შევეცდებით, უკეთესისკენ შევცვალოთ. ბუნება ხომ ჩვენ, ადამიანებს გვაბარია. რა ლამაზია, რა ლამაზია! მხოლოდ ამ სიტყვებს წარმოვთქვამ.  ან იქნებ დუმილი სჯობია? ხო, უნდა უყურო გაშეშებულმა და ხმა არ უნდა ამოიღო. ამას გაფორმება აღარ სჭირდება. არც მოქმედებით, არც სიტყვებით. თოვს, თოვს, უჩუმრად თოვს, თეთრია არემარე. როგორ მინდა ახლა ხელშეუხებელ ბუნებაში მოხვედრა, თუმცა ადამიანებს არ შეგვწევს ძალა, ბუნებად ვიქცეთ, მისი ნაწილი გავხდეთ. ჩვენ მხოლოდ უნდა დავიცვათ ის ისეთი, როგორიც არის და უნდა გვიყვარდეს იგი. გაახილე თვალები ფართოდ, რა ლამაზია... ცა ტირის და ყველაფერს აწყნარებს, ამშვიდებს... ცაც თეთრია... სითეთრემ მოიცვა ყველაფერი... მშვენიერია... მშვენიერია...



1 комментарий:

  1. ყოჩაღ შენ მაგარია ძაან მაგარი

    ОтветитьУдалить